ვაშლის პუდინგი, რომელიც მზადდება პურით. დესერტი, რომელსაც აწი ხშირად მოვამზადებ

შემოგთავაზებთ უგემრიელესი, არომატული, ნაზი და ფხვიერი პუდინგის რეცეპტს. შეიძლება ცოტა უჩვეულოდ მოგეჩვენოთ, რადგან პუდინგის მოსამზადებლად პური გჭირდებათ. ცადეთ, მოამზადეთ და იქნებ შედეგმა მოლოდინს გადააჭარბოს.

დესერტის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები (გათვლილია 30-38 სმ-იანი დიამეტრის ფორმისთვის):

  • პური (ქერქის გარეშე) 400 გრ
  • ვაშლი (დიდი) 3 ცალი
  • ქიშმიში 100 გრ
  • კვერცხი 5 ცალი
  • შაქარი 100 გრ
  • ვანილი
  • კარაქი 50 გრ
  • რძე 600 მლ
  • მარილი მწიკვი

ზემოდან მოსაყრელად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • პურის ქერქი 70 გრ
  • 70 გრ ნიგოზი
  • შაქარი 1 ს. კ.
  • კარაქი 50 გრ

მომზადების წესი:

  1. საცხობი ფორმა საკმაოდ დიდია, ამიტომ დაგჭირდებათ 2 ცალი ბატონი. პურს შემოაჭერით ქერქი. 1 ცალი პური დაფშხვენით, ნაწილი წვრილად, ნაწილი მსხვილად, ხოლო მეორე-პატარა ზომის კუბიკებად დაჭერით.
  2. პურის ქერქი პატარ-პატარა ნაჭრებად დაჭერით და დააბლენდერეთ, მაგრამ ძალიან წმინდად არ დაფქვათ. მიღებული მასა მოათავსეთ ცალკე თასში და გვერდზე გადადეთ, რადგან ზემოდან მოსაყრელად დაგჭირდებათ.
  3. კრემის მოსამზადებლად ათქვიფეთ კვერცხი, დაამატეთ მარილი, შაქარი, ვანილი, 50 გრ გამდნარი კარაქი, რძე და კარგად აურიეთ.
  4. გაუთლელი ვაშლები დაჭერით კუბიკებად (თუ გსურთ გათალეთ) და ქიშმიშთან ერთად დაამატეთ პურის გულიან მასას და კარგად აურიეთ.
  5. მომზადებული მასა გადაიტანეთ ცხიმწასმულ საცხობ ფორმაზე, თანაბრად გაანაწილეთ, ზემოდან მოასხით მომზადებული კრემი და ფრთხილად დააწექით კოვზით.
  6. პურის ქერქების ფხვნილს დაამატეთ გატარებული 70 გრ ნიგოზი, 1 ს. კ. შაქარი, 50 გრ გამდნარი კარაქი (კიდევ ერთხელ მივათითებთ ინგრედიენტების პროპორციებს, რათა უფრო გასარკვევი იყოს) და აურიეთ.
  7. მომზადებული მასა პუდინგს ზემოდან მოაფრქვიეთ და 30-40 წუთის განმავლობაში გამოაცხვეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე.

ვაშლის პუდინგი გააციეთ და შემდეგ დაჭერით. ვაშლის ნაცვლად სხვა ხილის გამოყენებაც შეგიძლიათ. უგემრიელესი იქნება ატმისა და ნესვის კომბინაციით. ცადეთ, მოამზადეთ და ისიამოვნთ!