საღამო საუკეთესო დროა სახის კანის აღსადგენად და გასაახალგაზრდავებლად. გამოკვლევების შედეგად დადასტურებულია, რომ ძილის დროს კანის უჯრედები 8-ჯერ უფრო სწრაფად აღდგება. ეს ნიშნავს, რომ უმჯობესია, გამოიყენოთ ღამის კრემები, რადგან ისინი უკეთესად შეიწოვება და უფრო ძლიერად მოქმედებს კანზე, კვებავს, ატენიანებს კანს, ანიჭებს ძალასა და ბზინვარებას ყველაზე დაღლილ კანსაც კი, ასწორებს წვრილ და მიმიკურ ნაოჭებს.
შემოგთავაზებთ ღამის კრემის რეცეპტს, რომელიც აღადგენს კანის ელასტიურობას, ასწორებს ნაოჭებს და ღრმად ატენიანებს კანს.
ხელნაკეთი საშუალების მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- შიის კარაქი 50 მლ
- ალოეს გელი 1 ს. კ.
- ჩაის ხის ეთერზეთი 7 წვეთი
- სალბის ან როზმარინის, ან ფორთოხლის ეთერზეთი 5 წვეთი
მომზადებისა და მოხმარების წესები:
- შიის კარაქი გაადნეთ და შეურიეთ ალოეს გელი. შემდეგ შეურიეთ ეთერზეთები და გადაიტანეთ პატარა ქილაში.
- მომზადებული მასა, ძილის წინ, დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე, ყელზე, მკერდის ზონაზე და თანაბრად გაინაწილეთ.
შიის კარაქი შეიცავს რამდენიმე სახის ცხიმოვან მჟავას, E, A, F და D_ვიტამინებს. მოცემული კარაქი კვებავს და ატენიანებს კანს, ასწორებს წვრილ და მიმიკურ ნაოჭებს.
ალოეს გელი ხელს შეუწყობს ქსოვილების უჯრედული შემადგენლობის განახლებას და მათში მეტაბოლიზმის ნორმალიზებას.
მატონიზირებელი და გამაახალგაზრდავებელი ეფექტით დატვირთული ეთერზეთები აძლიერებს კანის დამცავ ფუნქციებს.