შემოგთავაზებთ ზღაპრულად გემრიელი დესერტის, პოლონური ტორტის ,,კარპატკას“, რეცეპტს. ტორტი მზადდება მოხარშული ცომითა და კრემით.
საოცრად გემრიელი და ლამაზი ტორტი ნებისმიერ სადღესასწაულო სუფრას დაამშვენებს.
ახლოვდება დღესასწაულები, ჩაიკითხეთ რეცეპტი, იქნებ თქვენი ყურადღება მიიპყროს და უგემრიელესი ,,კარპატკა“ თქვენი საახალწლო სუფრის მშვენებაც გახდეს.
ცომის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- 100 მლ წყალი
- 100 მლ რძე
- 140 გრ ფქვილი
- 4 ცალი კვერცხი
- 80 გრ კარაქი
- ½ ჩ. კ. მარილი
- ნუშის ფანტელები 15 გრ
კრემის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- 600 მლ რძე
- 150 გრ შაქარი
- 60 გრ სახამებელი
- 2 ცალი კვერცხი
- 2 გრ ვანილი
- 200 გრ კარაქი
ამზადებთ ცომს:
- კარაქი, რძე, წყალი, მარილი აურეით და აადუღეთ.
- ფქვილი გაცერით და ნელ-ნელა დაამატეთ რძიან მასას. აურიეთ ისე, რომ მიიღოთ ერთგვაროვანი მასა და გადმოდგით ცეცხლიდან.
- მზა მასა გადმოიტანეთ თასზე და გააგრილეთ. შიგადაშიგ მოურიეთ ხოლმე.
- გაგრილებულ მასას სათითაოდ შეათქვიფეთ კვერცხი ისე, რომ მიიღოთ ერთგვაროვანი მასა.
- ცომი გაყავით ორ ნაწილად. ცომის ერთი ნაწილი გაანაწილეთ ცხიმწასმულ საცხობ ფორმაში, მაგრამ თანაბრად განაწილება არ არის საჭირო, ზემოდან მოაფრქვიეთ ნუშის ფანტელები.
- ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება ნახევარი საათი.
ამზადებთ კრემს:
- 450 მლ რძე აადუღეთ. კვერცხი, შაქარი და ვანილი აურიეთ ერთვაროვანი მასის მიღებამდე. დაამატეთ სახამებელი, დაასხით დარჩენილი რძე და კარგად აურიეთ.
- შემდეგ დაასხით ადუღებული რძე, აურიეთ, დადგით დაბალ ცეცხლზე და ადუღეთ გასქელებამდე.
- მზა კრემი გადმოდგით ცეცხლიდან, აურიეთ, გადააფარეთ საკვების ცელოფანი და გააგრილეთ.
- პირველი ფენა ამოიღეთ ფორმიდან და გამოაცხვეთ მეორე ფენა, მხოლოდ ნუშის ფანტელები აღარ მოაფრქვიოთ. გამოსაცხობად დასჭირდება 25-30 წუთი.
- როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, კრემის მოსამზადებლად გჭირდებათ 200 გრ დარბილებული კარაქი. კარაქი მიქსერით კარგად ათქვიფეთ და ნელ-ნელა დაამატეთ მოხარშული კრემი. მიიღებთ ფუმფულა და საოცრად გემრიელ კრემს.
- საცხობ ფორმაში ჩააფინეთ ფოლგა ისე, რომ დაფაროთ გვერდებიც. ფორმაში ჩადეთ ფენა, რომლისთვისაც ნუშის ფანტელები არ მოგიყრიათ. ფენა დაფარეთ კრემით და ზემოდან დაადეთ მეორე ფენა. ნუშის ფანტელები ზემოდან უნდა მოექცეს.
საცხობი ფორმა 3 საათით შედეთ მაცივარში. ტორტი ამოიღეთ ფორმიდან და დაამშვენეთ სუფრა. გემრიელად მიირთვით!