ბულგარული წიწაკის ეს საწებელი საოცრად არომატული და გემრიელი გამოდის. უხდება ყველა კერძს

დაიწყო ცხელი ზაფხული, დიასახლისებისთვის ყველაზე შემოქმედებითი პერიოდი. პერიოდი, როდესაც ტრიალებს საწებლებისა და მწნილების საოცარი სურნელი. მართალია, გიწევთ შრომა, მაგრამ შემდეგ სიამოვნებას იღებთ თქვენი ნამზადით. ალბათ, დამეთანხმებით, რომ თვალსა და გულს ახარებს ჩაწიკწიკებული ქილების დანახვა.

ამჯერად, შემოგთავაზებთ ბულგარული წიწაკით მომზადებული საოცრად არომატული და გემრიელი საწებლის რეცეპტს.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • წითელი ბულგარული წიწაკა 3 კგ
  • ხახვი 2 თავი
  • ნიორი 10 კბილი
  • მწარე წიწაკა 1 ცალი
  • ზეთი 250 მლ
  • ვაშლის ძმარი 100 მლ (შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ 100 მლ ლიმონის წვენით)
  • შაქარი 1 ს. კ.
  • მარილი გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. ბულგარული წიწაკა გარეცხეთ, დააწყვეთ საცხობ ფორმაზე და, დაახლოებით, 10-12 წუთით შედეთ 200 გრადუს ტემპერატურაზე გაცხელებულ ღუმელში. შემდეგ გააგრილეთ, გაასუფთავეთ თესლისგან და კანისგან.
  2. ხახვი დაჭერით ალყა-ალყა და ცოტა ზეთში მოთუშეთ. მწარე წიწაკა გაჭერით შუაზე და გაასუფთავეთ თესლისგან.
  3. შემდეგ გაატარეთ ბულგარული წიწაკა, ნიორი, მწარე წიწაკა და მოთუშული ხახვი. მიღებული მასა გადაიტანეთ ქვაბში, დაამატეთ ზეთი, შაქარი და შეაზავეთ მარილით. ქვაბი დადგით დაბალ ცეცხლზე. შიგადაშიგ მოურიეთ ხოლმე და აადუღეთ. ადუღეთ 10 წუთი.
  4. დაამატეთ ვაშლის ძმარი, კარგად აურიეთ და ადუღეთ კიდევ 10 წუთი.
  5. გადაიტანეთ გასტერილებულ ქილებში, გააგრილეთ და შემდეგ  დაახურეთ გასტერილებული ხუფები.

საწებელი ისეთ სასიამოვნო სურნელს დაატრიალებს, რომ დამერწმუნეთ, კიდევ მოამზადებთ.

საწებელი ძალიან უხდება როგორც შემწვარ, ისე მოხარშულ კარტოფილს, ხორცს, მაკარონს, შეგიძლიათ დაამატოთ სხვადასხვა კერძებს.