შემოგთავაზებთ ძალიან გემრიელი, ნაზი, რძიანი ორცხობილას ე. წ. ,,კორჟიკის“ რეცეპტს. მოცემული ინგრედიენტებით შეძლებთ, დაახლოებით, 10 ცალი (10 სმ დიამეტრის) ორცხობილას მომზადებას.
მოამზადეთ საოცრად გემრიელი ,,კორჟიკი“ და გაიხსენეთ ბავშვობის საყვარელი გემო.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ფქვილი 350 გრ
- რძე 100 მლ
- შაქარი 100 გრ
- კარაქი 100 გრ
- არაჟანი 50 გრ 2 კვერცხის გული
- გამაფხვიერებელი 2 ჩ. კ.
- ვანილი მწიკვი
- მარილი მწიკვი
მომზადების წესი:
- სქელძირიან ქვაბში ჩაასხით რძე, დაამატეთ შაქარი, მოურიეთ, დადგით დაბალ ცეცხლზე და აადუღეთ 5 წუთი. შემდეგ დაამატეთ კარაქი. როგორც კი კარაქი გადნება, გადმოდგით ცეცხლიდან და გააგრილეთ.
- დიდ თასში ჩაასხით მომზადებული სიროფი, დაამატეთ კვერცხის გულები და ათქვიფეთ. შემდეგ შეურიეთ მარილი, ვანილი და არაჟანი.
- გაცრილ ფქვილს დაამატეთ გამაფხვიერებელი და თანდათან შეაზილეთ რძიან მასას.
- მზა ცომი 15 წუთით დაასვენეთ და შემდეგ გააციეთ, ცოტა ხნით შედეთ მაცივარში.
- გაგრილებული ცომი გამოიღეთ მაცივრიდან და გააბრტყელეთ მრგვალ 1 სმ სისქის ფენად და ფორმის ან ფინჯნის საშუალებით გამოჭერით ორცხობილები.
- საცხობ ფორმაზე დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი და დააწყვეთ ორცხობილები.
- ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 15 წუთი.
მოამზადეთ ოქროსფრად დაბრაწული ,,კორჟიკები“ და გაახარეთ თქვენი პატარები!