თმის ცვენა შეიძლება უამრავი მიზეზით იყოს გამოწვეული. მაგალითად: არასწორი კვება, წყლის არასაკმარისი რაოდენობით მიღება, ზოგიერთი მედიკამენტი, სტრესები, თმის არასათანადოდ მოვლა.
საბედნიეროდ, უამრავი ბუნებრივი პროდუქტი არსებობს, რომელთა საშუალებითაც შეძლებთ თმის მდგომარეობის გაუმჯობესებას.
შემოგთავაზებთ თმის ცვენის საწინააღმდეგო უმარტივეს, ყველასთვის ხელმისაწვდომ პროდუქტებს, რომელთა ეფექტურობა გაგაოცებთ.
1. ხახვი
გოგირდით მდიდარი ხახვი თმის სამკურნალოდ საუკეთესო ბუნებრივ პროდუქტად ითვლება, რადგან ეს ნივთიერება ზრდის კოლაგენის გამომუშავებას და ხელს უწყობს დაზიანებული თმის აღდგენას.
რამდენიმე ხახვი გაფცქვენით, გაატარეთ ან გახეხეთ და მარლის საშულებით გამოწურეთ წვენი. ხახვის წვენი შეიზილეთ თმის ძირებზე, გაინაწილეთ მთელ სიგრძეზე და სამოქმედოდ დაიტოვეთ 30 წუთი. პროცედურის ბოლოს თმა ჩვეულებრივი წესის მიხედვით დაიბანეთ.
ხახვის ნიღაბი გაიკეთეთ კვირაში 2-ჯერ.
მალე გაოცდებით ამ საშუალების ჯადოსნური ეფექტით!
2. ქოქოსი
ქოქოსის რძე გაჯერებულია ცხიმოვანი ზეთებითა და რკინით, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ გქონდეთ ძლიერი და ჯანმრთელი თმა.
მაქსიმალური ეფექტის მისაღებად უმჯობესია, თუ თქვენ თვითონ მოამზადებთ ქოქოსის რძეს. ამისთვის დაგჭირდებათ 1 ცალი ქოქოსი და 400 მლ წყალი. ქოქოსის რბილობი დაჭერით კუბიკებად, დაასხით წყალი და დააბლენდერეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. შემდეგ გადაწურეთ მარლის ან საცერის საშუალებით და ქოქოსის რძეც მზად გაქვთ.
ქოქოსის რძის ბაზაზე მომზადებული ნიღაბი ხელს უწყობს თმის ზრდას, აძლიერებს თმის ღერებს, შეგიჩერებთ ცვენას, კვებავს თმას და ჰმატებს მოცულობას.
ქოქოსის რძეს დაამატეთ ნახევარი ლიმონის წვენი, რამდენიმე წვეთი როზმარინის ეთერზეთი და აურიეთ. მომზადებული მასა შეიზილეთ თავის კანზე, თმის მთელ სიგრძეზე და სამოქმედოდ დაიტოვეთ მთელი ღამე. დილით თმა ჩვეულებრივი წესის მიხედვით დაიბანეთ.
3. კვერცხი
კვერცხი ბუნებრივი პროდუქტია, რომელსაც მთელ მსოფლიოში იყენებენ როგორც თმის ცვენის საწინააღმდეგო საშუალებას.
კვერცხი შეიცავს დიდი რაოდენობით ცილას, რომელიც ასწრაფებს თმის ზრდას. ეს ბუნებრივი საშუალება იცავს თმას დაზიანებისგან, მოგაშორებთ ქერტლს.
1 კვერცხი შეურიეთ ნახევარ ჩაის ჭიქა იოგურტს. მომზადებული მასა შეიზილეთ თმის ძირებზე, გაინაწილეთ მთელ სიგრძეზე და სამოქმედოდ დაიტოვეთ 30 წუთი. ნიღაბი გამოიყენეთ კვირაში ერთხელ.
გამოიყენეთ ბიუჯეტური ბუნებრივი პროდუქტები და უმარტივესი გზით მოიგვარეთ თმის პრობლემები!