ნაზი, ფუმფულა, გემრიელი და არომატული მაფინები ყველასთვის საყვარელი დესერტია. შესაბამისად, ამ გემრიელობის მოსამზადებლად უამრავი სხვადასხვა რეცეპტის მოძიება შეგიძლიათ.
შემოგთავაზებთ რეცეპტს, რომლის მიხედვით ძალიან სწრაფად და მარტივად შეძლებთ ხაჭოს გემრიელი მაფინების გამოცხობას.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- შაქარი, ხაჭო 200-200 გრ
- ფქვილი 300 გრ
- კარაქი 150 გრ
- კვერცხი 3 ცალი
- ქიშმიში მუჭა (შეგიძლიათ არ დაამატოთ)
- გამაფხვიერებელი 1 ჩ. კ.
- ვანილი დანის წვერით
- შაქრის ფხვნილი ზემოდან მოსაყრელად
მომზადების წესი:
- ქიშმიშს დაასხით ცხელი წყალი და გააჩერეთ ცოტა ხანს. გადაწურეთ და გასაშრობად დაყარეთ ტილოზე.
- კარაქი გაადნეთ და გააგრილეთ.
- კვერცხი და შაქარი ათქვიფეთ მიქსერის მაქსიმალურ სიჩქარეზე.
- თანდათან დაამატეთ ხაჭო, კარაქი, ვანილი.
- გაცრილ ფქვილს დაამატეთ გამაფხვიერებელი და კვერცხიან მასას ნაწილ-ნაწილ შეურიეთ.
- ბოლოს დაამატეთ ქიშმიში.
- მაფინების საცხობ ფორმას წაუსვით კარაქი და გაანაწილეთ ცომი. გაავსეთ ფორმის 2/3.
- ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 25-30 წუთი.
ოქროსფერი მაფინები გაგრილების შემდეგ დაფარეთ შაქრის ფხვნილით.
თუ თქვენს პატარებს შოკოლადის მაფინები უყვართ, ცომს დაამატეთ 3 ს. კ. კაკაო, მაგრამ დაგჭირდებათ 2 სუფრის კოვზით ნაკლები ფქვილი.
შეგიძლიათ ფორმებში განაწილების პროცესში ცომის შუაგულში ჩადოთ თითო-თითო ნატეხი შოკოლადი. ჩართეთ თქვენი ფანტაზია და მოამზადეთ საოცარი მაფინები.
გემრიელად მიირთვით!