შემოგთავაზებთ უგემრიელესი ტორტის, ,,აკილეჟნას“, რეცეპტს. ,,აკილეჟნა“ კიევური ტორტის მსგავსია. პირადად მე საოცრებას ვეძახი და უბის წიგნაკშიც იმავე სახელწოდებით მაქვს ჩაწერილი.
ნაზი, ჰაეროვანი და ხრაშუნა დესერტით ყველას გააოცებთ და აღაფრთოვანებთ. მართალია, მომზადებას დრო სჭირდება, მაგრამ ღირს წვალებად.
ფხვიერი ცომის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- 2 ცალი კვერცხის გული
- შაქარი 180 გრ
- კარაქი ან მარგანინი 150 გრ
- რომი 1 ს. კ.
- გამაფხვიერებელი 1 შეფუთვა
- ფქვილი 400-500 გრ
- არაჟანი 2 ს. კ.
მომზადების წესი:
- გაცრილ ფქვილს, დაამატეთ გამაფხვიერებელი, ჩაახეხეთ ცივი კარაქი და ხელით აურიეთ. უნდა მიიღოთ ფხვიერი ცხიმიანი ცომი.
- კვერცხის გულები, შაქარი და რომი ათქვიფეთ მიქსერის მაქსიმალურ სიჩქარეზე.
- ფხვიერ ცომს შეაზილეთ კვერცხიანი მასა და არაჟანი. უნდა მიიღოთ რბილი ცომი. თუ ცომი თხელი გამოგივიდათ, დაამატეთ ცოტა ფქვილი (დააყარეთ ცოტა-ცოტა, არ გაგისქელდეთ).
- მზა ცომი გაყავით 2 ნაწილად. თითოეული ნაწილი გააბრტყელეთ და გამოაცხვეთ 200 გრადუს ტემპერატურაზე გაცხელებულ ღუმელში. გამოსაცხობად დასჭირდება 7-10 წუთი.
- დაგჭირდებათ 22/30 სმ ზომის საცხობი ფორმა.
ბეზეს მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- 8 კვერცხის ცილა
- დაჭრილი ნიგოზი 1 ჩ. ჭ.
- კარტოფილის სახამებელი 1 ს. კ.
- შაქარი 200 გრ
მომზადების წესი:
- ცილას დაამატეთ მწიკვი მარილი, მწიკვი ლიმონმჟავა და ათქვიფეთ მიქსერის მაქსიმალურ სიჩქარეზე.
- თითო კოვზობით შეათქვიფეთ შაქარი.
- შემდეგ ნელ-ნელა დაამატეთ ნიგოზი და ნაზად ამოურიეთ კოვზით.
- მზა ბეზე გაყავით 2 ნაწილად.
საცხობ ფორმაზე დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი და ბეზეს ერთი ნაწილი თანაბრად გაანაწილეთ. ღუმელი გააცხელეთ 120-130 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება მინიმუმ 4 საათი.
დარჩენილი ბეზე გადაიტანეთ საკონდიტრო ტომარაში და დასვით კონუსის ფორმის პატარა ბეზეები და გამოაცხვეთ იმავე წესის მიხედვით. შეგიძლიათ ერთად გამოაცხოთ, რა თქმა უნდა, თუ გიხერხდებათ.
კრემის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- რძე 500 მლ
- ფქვილი 4 ს. კ.
- სახამებელი 1 ს. კ.
- შაქარი 150 გრ
- ვანილი
- კარაქი 300-350 გრ
- თეთრი შოკოლადი 100 გრ
მომზადების წესი:
- რძე გაყავით ორ ნაწილად. ერთი ნაწილი ჩაასხით სქელძირიან ქვაბში და აადუღეთ.
- დარჩენილი რძე დაასხით ფქვილს და აურიეთ. ფქვილი კარგად გახსენით. მომზადებული მასა ნაწილ-ნაწილ დაამატეთ ადუღებულ რძეს. ურევთ განუწყვეტლივ და დაბალ ცეცხლზე ადუღეთ 5 წუთი.
- მზა კრემი გადმოდგით ცეცხლიდან, გადაიტანეთ ემალის თასში და შეურიეთ თეთრი შოკოლადი. კრემს გადააკარით საკვების ცელოფანი და გააგრილეთ.
- ოთახის ტემპერატურის კარაქს დაამატეთ ვანილი, შაქარი, 1 ს. კ. რომი და ათქვიფეთ მიქსერის მაქსიმალურ სიჩქარეზე. თქვეფთ 7-8 წუთი. უნდა მიიღოთ ჰაეროვანი მასა.
- გაგრილებული მოხარშული კრემი ათქვიფეთ მიქსერის მაქსიმალურ სიჩქარეზე. თქვეფთ 2-3 წუთი. შემდეგ შეათქვიფეთ კარაქიან მასას.
ტორტი ააწყვეთ შემდეგი თანმიმდევრობით: ფხვიერი ფენა, კრემი, ბეზეს ფენა, კრემი, ფხვიერი ფენა. ტორტი მთლიანად დაფარეთ კრემით და თქვენი გემოვნებით მორთეთ ბეზეს კონუსებით. 2 ცალი კონუსი მოიტოვეთ, დაფშხვენით და ნუშის ფანტელებთან ერთად მოაყარეთ ტორტს.
ამ საოცრების მომზადება რომ გაგიმარტივდეთ ბეზე გამოაცხვეთ 2 დღით ადრე და ჩააწყვეთ ცელოფანში ისე, რომ ჰაერი არ მოხვდეს.
გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!