პომიდვრის მწნილის უამრავი რეცეპტი არსებობს, მაგრამ ეს სხვას არ ჰგავს. ერთი ინგრედიენტის წყალობით პომიდორი უბრალოდ წარმოუდგენელ გემოს იძენს. ეს ჯადოსნური ინგრედიენტი ყურძენია. პომიდორი შეგიძლიათ სადღესასწაულო ან ყოველდღიურ სუფრაზე გაიტანოთ, ის შესანიშნავად ერწყმის ხორცს და ცივ წასახემსებლებს. ყურძნით კი შეგიძლიათ კერძები გააფორმოთ, მისი გემოც გაგახარებთ.
დაინტერესდით? დღეს პომიდვრის ზამთრისთვის დამწნილების ამ შესანიშნავ მეთოდს გასწავლით.
პომიდვრის მწნილი ზამთრისთვის
ინგრედიენტები:
- 1 კგ პომიდორი
- 300 გრ ყურძენი
- 4 კბილი ნიორი
- 1-2 მოცხარის ფოთოლი
- 2 ქოლგა კამა
- 2 ყლორტი ოხრახუში
- 6 ს/კ შაქარი
- 1,5 ს/კ მარილი
- 3 ს/კ ძმარი
- წყალი
- ცხარე წიწაკა
- შავი წიწაკა – 5 მარცვალი ქილაზე
მომზადება:
1. კარგი, მაგარი პომიდორი აირჩიეთ, წყალი გადაავლეთ და ყუნწები მოაშორეთ. მწვანე ყურძნის მტევანი კარგად გარეცხეთ და გააშრეთ.
2. ქილები მოამზადეთ. პრინციპში, მათ ზომას მნიშვნელობა არ აქვს. თავად აირჩიეთ, მაგრამ ეს რეცეპტი 2 ორლიტრიან ქილაზეა გათვლილი. ინგრედიენტების რაოდენობა დამოუკიდებლად შეცვალეთ ქილების რაოდენობის და ზომის მიხედვით. ქილები გარეცხეთ, გააშრეთ და გაასტერილეთ. თავსახურებს მდუღარე წყალი გადაავლეთ. ქილის ძირში 2 კბილი ნიორი, მოცხარის ფოთოლი, ოხრახუშის ტოტი, კამის ქოლგა და რამდენიმე წიწაკა ჩააწყვეთ.
3. შემდეგ ქილაში პომიდორი და ყურძენი ჩააწყვეთ. პომიდორი მჭიდროდ ჩატუმბული უნდა იყოს, მაგრამ ზედმეტად ძალისხმევაც არ ღირს, რომ პომიდორი და ყურძენი არ დააზიანოთ. ქილები პირამდე გაავსეთ.
4. მარილი და შაქარი თანაბარი პროპორციით აურიეთ და ქილებს დააყარეთ. ასევე შავი წიწაკის მარცვლები დაუმატეთ. წყალი აადუღეთ და პომიდვრებს დაასხით, ქილებს სუფთა თავსახურები დაახურეთ. 15 წუთში წყალი ქვაბში გადაასხით და ადუღებამდე მიიყვანეთ. როგორც კი ადუღდება, ცეცხლი გამორთეთ და ძმარი დაუმატეთ.
5. ახლა მარინადი ქილებში გადაანაწილეთ და თავსახური მჭიდროდ დაახურეთ. ქილები თავსახურით ქვემოთ გადააბრუნეთ და შეფუთეთ. ქილების გაგრილებამდე ასე გაააჩერეთ. მზა პომიდორი საკუჭნაოში შეინახეთ.
აი, პომიდვრის მწნილის მარტივი რეცეპტი, რომელიც ნამდვილად მოგეწონებათ თქვენ და თქვენს ოჯახის წევრებს. ამ პომიდვრებს შანსი აქვთ, რომ თქვენი საყვარელი წასახემსებელი გახდეს. ასეთი რეცეპტის შენახვა ნამდვილად ღირს!