როგორ ავირჩიოთ ნატურალური და ხარისხიანი კარაქი

თანამედროვე ქალაქის მაცხოვრებელისთვის რთულია ხარისხიანი პროდუქტის შერჩევა. მაღაზიებში არჩევანი ძალიან დიდია, დიდია ფასების დიაპაზონიც. აბა სცადეთ და იპოვეთ ამ ყველაფერში სწორედ ის ერთი, ნატურალური, ნამდვილი. მწარმოებელთა უმეტესობა ზოგავს ფულს ინგრედიენტებზე, ანაცვლებს იაფფასიანი, ნაკლებად ხარისხიანი კომპონენტებით. გამონაკლისი არც კარაქია, რომელზეც დღეს ჩვენ დაწვრილებით გესაუბრებით.

ჩვენი რედაქცია გასწავლით ხარისხიანი კარაქის არჩევასა და უხარისხოს ამოცნობას.

როგორ ავირჩიოთ კარაქი

1. სახელწოდება

პირველ რიგში, მიაქციეთ ყურადღება შეფუთვას – მასზე უნდა ეწეროს “ნაღების კარაქი”. თუ წარწერა გეუბნებათ, რომ კარაქი გლეხური, ბუტერბროდის, სამოყვარულო ან უარესი, ზეთოვანი მასაა, თამამად დააბრუნეთ იგი დახლზე: მასში აუცილებლად იქნება მინარევები: კონსერვანტები, გემოს გამაძლიერებლები ან არომატიზატორები.

2. შემადგენლობა

ახლა შემოატრიალეთ შეფუთვა და წაიკითხეთ, რაც შეიცავს კარაქი. ნამდვილი რძის პროდუქტის შემადგენლობაში მხოლოდ ნაღები, საღი რძე და, იშვიათად, მარილი უნდა იყოს. სულ ესაა. თუ შემადგენლობაში მცენარეული ზეთებია (პალმის, ქოქოსის, მიწისთხილის) – ეს უკვე მარგარინია.

3. ფასი

კარგი კარაქი ძვირი ეღირება. უბრალოდ შეუძლებელია, რომ ხარისხიან პროდუქტს იაფად ყიდდნენ. ნატურალური კარაქი მცენარეული ცხიმის ანალოგებზე იაფი ვერ ეღირება.

4. ცხიმიანობა

არ არსებობს უცხიმო ან დიეტური კარაქი. თუ პროდუქტი 60%-ზე ნაკლებ ცხიმს შეიცავს, ეს უკვე კარაქი აღარაა.

5. ვარგისიანობის ვადა

ნამდვილი კარაქი დიდხანს არ ინახება. ნატურალური კარაქის ვარგისიანობის ვადა 1 თვეს არ უნდა აჭარბებდეს. მხოლოდ კონსერვანტების დახმარებით თუ შეიძლება ამ ვადის რამდენიმე თვით გახანგრძლივება.

6. მწარმოებელი

აირჩიეთ მხოლოდ ცნობილი საბაზრო ნიშნები, რომლებიც ბაზარზე დიდი ხნის წინ გაჩნდა და უკვე რეპუტაციის დაგროვებაც მოასწრო. არსებობს მრავალი ხანმოკლე ფირმა, რომლებიც ბაზარზე აბსოლუტურად უხარისხო და იაფფასიან პროდუქტს უშვებენ, უბრალოდ მყიდველების ანკესზე წამოსაგებად.

7. კონსისტენცია

გადავიდეთ კარაქის ხარისხის შემოწმების საშინაო მეთოდებზე და დავიწყოთ კონსისტენციით. იგი უნდა იყოს ერთგვაროვანი, ყვითელი ან თეთრი ფერისა, ნახეთქების გარეშე. ნამდვილი კარაქი მარტივად შორდება შეფუთვას, სპრედისგან განსხვავებით – იგი წებოვანი და ბლანტი იქნება.

9. სუნი

ეს თვალსაჩინოა, თუმცა კარაქს რძის სუნი უნდა ჰქონდეს. რბილი, სასიამოვნო სურნელი, მინარევების გარეშე. კარაქის მომჟავო, უსიამოვნო სუნი ცუდ ხარისხზე მიუთითებს ისევე, როგორც ნაღების ზედმეტად მძაფრი სუნი.

10. ტესტი ხარისხის შესამოწმებლად

ინტერესისთვის, შეგიძლიათ ჩაატაროთ პროდუქტის ხარისხის შესამოწმებელი ტესტი საშინაო პირობებში. რამდენიმე საათით მოათავსეთ კარაქი საყინულეში, შემდეგ კი სცადეთ გაჭრა. ნატურალური პროდუქტი ნაჭრებად ჩამოტყდება. ხოლო თუ კარაქი არ გამყარდა, შეკვრა კი დეფორმირდა, ხელში ფალსიფიკატი გაქვთ.

მეორე საშუალებაა კარაქის გახურებულ ტაფაზე მოთავსება. ნამდვილი კარაქი ადუღდება, თუმცა არ აქაფდება, მინარევებიანი პროდუქტისგან განსხვავებით.

ესეც ის პატარა საიდუმლოები, რომელთა განდობაც თქვენთვის გვინდოდა. რა თქმა უნდა, არ არსებობს რეალური საშუალება, რომელიც 100%-იანი სიზუსტით მოგცემთ ყალბი პროდუქტის ხარისხიანისგან გარჩევის შესაძლებლობას. ახლა თაღლითებმა ისწავლეს უხარისხო პროდუქტის ნამდვილ კარაქთან მიმსგავსების ხრიკები, თუმცა ეს რჩევები მაინც დაგეხმარებათ.

უკვე იცით, როგორ უნდა აირჩიოთ ხარისხიანი კარაქი, რათა სახლში ყველაფერი საუკეთესო მოიტანოთ.