ახოვდება ზაფხულის ცხელი დღეები, როცა შეგვიძლია უგემრიელესი ნაყინებით პირის ჩატკბარუნება. ალბათ ბევრი ამზადებს სახლში ამ ცივ საოცრებას.
სტატიაში შემოგთავაზებთ უგემრიელესი ნაყინების რეცეპტებს
საჭირო ინგრედიენტები:
- ნაღები (30%-იანი ცხიმიანობის) 200 გრ
- შედედებული რძე 1 ქილა
- კონცენტრირებული რძე 1 ქილა
მომზადების წესი:
- ინგრედიენტები აუცილებლად უნდა იყოს ცივი. ყინულებიან ჭურჭელში ჩადეთ თასი, ჩაასხით შედედებული რძე და მიქსერით ათქვიფეთ, დაამატეთ ნაღები და გააგრძელეთ თქვეფა, სანამ მასა არ გასქელდება.
- ცალკე ჭურჭელში ათქვიფეთ ძალიან ცივი კონცენტრირებული რძე (2 წუთი). მომზადებული მასები ერთმანეთში გადაურიეთ და კიდევ ათქვიფეთ. შემდეგ გადაიტანეთ კონტეინერში და შედეთ საყინულეში.
- 2 საათის შემდეგ გამოიღეთ, კოვზით აურიეთ და ისევ შედეთ. მირთმევამდე 10-15 წუთით ადრე გამოიღეთ საყინულედან. ნაყინის კოვზი ჩაყავით ცხელ წყალში და ისე გამოიყენეთ.
- ბურთულები ზემოდან გააფორმეთ თქვენთვის სასურველი ხილით, დაჭრილ ან გატარებული ნიგვზით, ან დაახეხეთ შოკოლადი.
ზემოთ შემოთავაზებულ რეცეპტს თქვენი გემოვნების მიხედვით, შეუცვალეთ ინგრედიენტები. მაგალითად, ჩვეულებრივი შედედებული რძის ნაცვლად გამოიყენეთ მოხარშული შედედებული რძე და მიიღებთ გასაოცარ კრემ-ბრიულეს. ჩვეულებრივ შედედებულ რძეს დაამატებთ 2 ს. კ. კაკაოს და მიიღებთ შოკოლადის ნაყინს, 2 ს. კ. ხსნად ყავას-და მიიღებთ ყავისას, 100 მლ მარწყვის წვენს-და მიიღებთ უგემრიელეს მარწყვის ნაყინს. დაამატეთ თქვენთვის საყვარელი ხილის წვენი და მიირთვით უგემრიელესი ხილის ნაყინი.
მარწყვის ნაყინი
საჭირო ინგრედიენტები:
- 3 ცალი კვერცხის გული
- რძე 250 მლ
- ცხიმიანი ნაღები 250 მლ
- შაქრის ფხვნილი 100 გრ
- მარწყვი 300 გრ
- ვანილი ან ვანილის ესენცია
მომზადების წესი:
- მარწყვს დააყარეთ შაქრის ნაწილი და შედეთ მაცივარში. აიღეთ ცალკე ქვაბი და კვერცხის გულების, შაქრისა და რძის ნარევი დადგით დაბალ ცეცხლზე, განუწყვეტლივ ურიეთ და ადუღებამდე არ მიიყვანოთ. მასა გადაიტანეთ თასში და დაელოდეთ გაციებას.
- მაცივრიდან გამოიღეთ მარწყვისა და შაქრის ნარევი, დაამატეთ ნაღები და მიქსერით ათქვიფეთ. შემდეგ დაამატეთ კვერცხიანი მასა, ათქვიფეთ და 5-6 საათით მოათავსეთ საყინულეში.
- არ დაგავიწყდეთ, ყოველ 2 საათში მოურიეთ და არ მისცეთ საშუალება, რომ წარმოიქმნას ყინულის ნაწილები.
- მირთმევამდე 10-15 წუთით ადრე გამოიღეთ საყინულედან, ნაყინის ბურთულები ლამაზად ჩადეთ სანაყინე ფორმებში და ზემოდან მორთეთ მარწყვით.
ნაყინი შოკოლადის ფანტელებით
ინგრედიენტები:
- რძე 250 რძე
- ცხიმიანი ნაღები 250 მლ
- შაქრის ფხვნილი 75 გრ
- შოკოლადი 150 გრ
მომზადების წესი:
- რძეს დაამატეთ შაქარი, დადგით დაბალ ცეცხლზე და განუწყვეტლივ ურიეთ, სანამ შაქარი არ გადნება. გადმოდგით ცეცხლიდან და გააგრილეთ ოთახის ტემპერატურაზე.
- ათქვიფეთ ნაღები, დაამატეთ რძიან მასას და შედეთ საყინულეში. არ დაგავიწყდეთ მომზადებულ მასას საათში ერთხელ მოურიეთ, როდესაც დაიწყებს გასქელებას, დაამატეთ მსხვილ სახეხზე გახეხილი ან დაჭრილი შოკოლადი და აურიეთ.
- მირთმევამდე მოაფრქვიეთ კაკაო.
კენკრის ნაყინი იოგურტით
საჭირო ინგრედიენტები:
- კენკრა (ჟოლო, მოცვი, შავი მოცხარი) 500 გრ
- შაქრის ფხვნილი 150 გრ
- ნედლი პიტნა 2 ღერო
- ნატურალური იოგურტი 250 მლ
- ლიმონის წვენი 1 ჩ. კ.
მომზადების წესი:
- პიტნა წვრილად დაჭერით. თასში აურიეთ კენკრა, პიტნა, შაქრის ფხვნილი და 2 საათით გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე.
- შიგადაშიგ მოურიეთ და მითითებული დროის გასვლის შემდეგ დააბლენდერეთ, დაამატეთ იოგურტი, ლიმონის წვენი და კიდევ ერთხელ აურიეთ.
- მომზადებული მასა გადაიტანეთ კონტეინერში და შედეთ საყინულეში. მოურიეთ ყოველ 1,5-2 საათში, რათა ყინულის ნაწილები არ წარმოიქნას.
თაფლის ნაყინი
საჭირო ინგრედიენტები:
- 5 ცალი კვერცხის გული
- რძე 500 მლ
- ნაღები 250 მლ
- თაფლი 0,5 ნახევარი ჩ. ჭ.
მომზადების წესი:
- კვერცხის გული და თაფლი კარგად აურიეთ. რძე ჩაასხით ქვაბში, მიიყვანეთ ადუღებამდე და დაამატეთ თაფლიან მასას. მორევა არ შეწყვიტოთ, სანამ მასა არ გასქელდება.
- გადმოდგით ცეცხლიდან და გააციეთ. შემდეგ დაამატეთ ნაღები, კარგად აურიეთ და რამდენიმე საათით შედეთ საყინულეში. შიგადაშიგ აუცილებლად მოურიეთ.
- ფორმებში გადატანილ ნაყინის ბურთულებს მოაყარეთ დაჭრილი ნიგოზი და გემრიელად მიირთვით.
მოამზადეთ შემოთავაზებული რეცეპტების მიხედვით ნაყინები, გაახარეთ თქვენი პატარების გულები და ლამაზად გაატარეთ ცხელი ზაფხულის დღეები.