შემოგთავაზებთ უგემრიელესი რულეტის რეცეპტს, რომელიც მოსამზადებლადაც უმარტივესია და ინგრედიენტებიც მინიმალური სჭირდება.
ნაზი და ჰაეროვანი რულეტის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- 1,5 ჩ. ჭ. ფქვილი
- 1 ჩ. ჭ. შაქარი
- 3 ცალი კვერცხი
- თითო-თითო ჩ. კ. სოდა და ძმარი
- ვანილი
მომზადების წესი:
- კვერცხი და შაქარი გათეთრებამდე კარგად ათქვიფეთ. დაამატეთ სოდა, იქვე დაასხით ძმარი და აურიეთ. შემდეგ ნელ-ნელა შეაზილეთ ფქვილი და ვანილი. მიიღებთ ჰაეროვან დასახმელ მასას. ცომი გაყავით ორ ნაწილად და მოამზადეთ უგემრიელესი რულეტები.
- საცხობ ფორმაზე დააფინეთ პერგამენტი, წაუსვით ზეთი და დაასხით ცომის ნახევარი. ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. ბისკვიტს გამოსაცხობად დასჭირდება 5-7 წუთი.
- მზა ბისკვიტს ქაღალდი ფრთხილად მოაშორეთ. თბილს წაუსვით მოხარშული შესქელებული რძე ან თქვენთვის საყვარელი ჯემი და ელასტიური ფენა მარტივად გადაახვიეთ. რულეტი გააგრილეთ და ზემოდან მოაფრქვიეთ შაქრის ფხვნილი.
- დამწყებ დიასახლისებს ერთ პატარა რჩევას შემოგთავაზებთ. თუ ბისკვიტის გადახვევა გიჭირთ ან რულეტის კრემით მომზადება გადაწყვიტეთ, მაშინ ცხელი ბისკვიტი დადეთ სველ, კარგად გაწურულ ტილოზე. ტილოს ერთი ნაწილი გადმოაფარეთ ბისკვიტს და რულეტივით გადაახვიეთ.
- სველ ტილოში გადახვეული რულეტი ცოტა ხნით დააყოვნეთ (შეგიძლიათ თბილი ბისკვიტი პერგამენტის ქაღალდის საშუალებითაც გადაახვიოთ). გაგრილების შემდეგ ბისკვიტი გაშალეთ, წაუსვით თქვენთვის სასურველი კრემი, შუაში მთლიანი ბანანი ჩადეთ და რულეტივით გადაახვიეთ. თუ სურვილი გაქვთ, რულეტი ზემოდან შოკოლადის მინანაქრით დაფარეთ.
შემოგთავაზებთ მერინგის რულეტის რეცეპტს, რომელიც ზღაპრულად გემრიელია და ვიზუალურადაც ძალიან ლამაზია.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- 5 ცალი კვერცხის ცილა
- მწიკვი ლიმონმჟავა
- მწიკვი მარილი
- 1 ჩ. ჭ შაქარი
- 25 გრ სიმინდის სახამებელი
- 30-50 გრ თხლად დაჭრილი ნიგოზი ან ნუში
მომზადების წესი:
- ცილას დაამატეთ ლიმონმჟავა, მარილი და მიქსერით კარგად ათქვიფეთ. შემდეგ ნელ-ნელა დაამატეთ შაქარი და სახამებელი. მიიღებული მასა ფრთხილად გადმოიტანეთ საცხობ ფორმაზე, რომელზედაც პერგამენტის ქაღალდი გაქვთ დაფენილი, და თანაბრად გაანაწილეთ. ზემოდან მოაყარეთ დაჭრილი ნიგოზი ან ნუში და მოაფრქვიეთ ცოტა შაქრის ფხვნილი.
- ღუმელი წინასწარ გააცხელეთ 150 გრადუს ტემპერატურაზე. მერინგის გამოსაცხობად დაგჭირდებათ 35-40 წუთი.
- მითითებული დროის გასვლის შემდეგ, მერინგი ღუმელიდან გამოიღეთ, ზემოდან დააფარეთ შედარებით დიდი ზომის პერგამენტის ქაღალდი, შემდეგ დაადეთ მეორე საცხობი ფორმა და ამოაბრუნეთ. მერინგს ფრთხილად ააძვრეთ პერგამენტის ქაღალდი, გააგრილეთ, საცხობი ფორმა გამოაცალეთ და დატოვეთ მხოლოდ ქაღალდზე.
- მერინგზე დაიტანეთ თქვენთვის სასურველი კრემი, შემდეგ წაუსვით შინდის ან მარწყვის ჯემი და ზემოდან მოაყარეთ ნედლი ან გაყინული მოცვი ან მოცხარი. შემდეგ პერგამენტის ქაღალდის საშუალებით დაიწყეთ მერინგის რულეტივით გადახვევა (ქაღალდი ერთი თავიდან მოგაქვთ მეორე ბოლოსკენ და მერინგს ახვევთ). ბოლოს პერგამენტის ქაღალდი მთელ მასას მჭიდროდ შემოახვიეთ და ცოტა ხნით გააჩერეთ. მერინგის რულეტი ფრთხილად გადაიტანეთ ლანგარზე და 2 საათით შედეთ მაცივარში.
უგემრიელესი, ულამაზესი, საოცრად არომატული რულეტი, მართლაც საოცრებაა. გემრიელად მიირთვით!