ამჯერად, შემოგთავაზებთ ორცხობილებს ბავშვობიდან. ალბათ, ყველას გახსოვთ გატარებული ცომით მომზადებული უგემრიელესი ორცხობილები. მოამზადეთ, გაიხსენეთ საოცარი არომატი და ცოტა ხნით ჩაიძირეთ ტკბილ მოგონებებში.
ორცხობილების მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- 1 ჩ. ჭ. შაქარი
- 3 კვერცხი
- 1 ჩ. კ. სოდა ძმრით ან ლიმონის წვენით
- 250 გრ დარბილებული კარაქი ან მარგანინი
- 3 ჩ. ჭ. ფქვილი
- ვანილი
მომზადების წესი:
- დარბილებული კარაქი ან მარგანინი დაჭერით ნაჭრებად. მიქსერით ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი, დაამატეთ ძმრიანი სოდა, კარაქი, ვანილი და თქვეფთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. შემდეგ ნელ-ნელა დაამატეთ გაცრილი ფქვილი, როცა მასა გასქელდება, ცომს ზელთ ხელით. ფქვილი თნდათან შეაზილეთ.
- ცომი არ უნდა იყოს ელასტიური. რბილი ცომი ხელებზე არ უნდა გეკრობოდეთ. მზა ცომს შემოახვიეთ საკვების ცელოფანი და 1 საათით შედეთ მაცივარში.
- ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. საცხობ ფორმაზე მოაყარეთ ფქვილი. ცომის მთლიანი მასა მაცივრიდან არ გამოიღოთ, მოამზადეთ ნაწილ-ნაწილ. ცომის მეოთხედი დაამრგვალეთ და დაიწყეთ გატარება. დანით ჩამოაჭერით გატარებული ცომის 6-7 სმ, ხელი შეაშველეთ და ფრთხილად გადაიტანეთ საცხობ ფორმაზე, შემდეგ მეორე, მესამე და ა. შ. (დაიცვით ინტერვალი). ორცხობილები გამოაცხვეთ 35-40 წუთის განმავლობაში.
გაგრილებულ ორცხობილებს მოაყარეთ შაქრის ფხვნილი. გემრიელად მიირთვით!