ოქროსფრად დაბრაწული ფუნთუშები ვაშლის, ლიმონისა და დარიჩინის პიკანტური არომატით

შემოგთავაზებთ ვაშლის, ლიმონისა და დარიჩინის არომატით გაჯერებული ოქროსფრად დაბრაწული ფუნთუშების რეცეპტს.

ვარდის ფორმის ფუნთუშების ცომის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • 500 გრ ფქვილი
  • 100 გრ შაქარი
  • 250 მლ რძე
  • 50 გრ კარაქი
  • დაპრესილი საფუარი 15 გრ
  • 2 ცალი კვერცხი
  • კვერცხის გული ზემოდან წასასმელად
  • 2 ს. კ. წყალი
  • მწიკვი მარილი

გულსართის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • 80 გრ შაქარი
  • 400 გრ ვაშლი
  • 2 ს. კ. ლიმონის წვენი
  • 30 გრ კარაქი
  • 1 ჩ. კ. დაფქული დარიჩინი

მომზადების წესი:

  1. პირველ რიგში, ამზადებთ საფუარს. თბილ რძეს დაამატეთ საფუარი და შაქარი, კარგად აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. საფუარი 10-15 წუთით დააყოვნეთ სითბოში.
  2. კვერცხს დაამატეთ 2 ს. კ. შაქარი, მარილი და ათქვიფეთ. საფუარს დაამატეთ კვერცხიანი მასა და აურიეთ. ნელ-ნელა შეაზილეთ ფქვილი, ჯერ ურევთ კოვზით, შემდეგ გადმოიტანეთ ფქვილმოყრილ მაგიდაზე და ცომს ზელთ ხელით. ბოლოს ნაწილ-ნაწილ შეაზილეთ დარბილებული კარაქი და ცომს ზელთ, დაახლოებით 5-7 წუთის განმავლობაში.
  3. მზა ცომს გადააფარეთ ტილო და სითბოში დააყოვნეთ 1 საათით. მითითებული დროის გასვლის შემდეგ, ცომი ერთხელ კიდევ ჩაზილეთ.
  4. გულსართის მოსამზადებლად ვაშლი კუბიკებად დაჭერით, ჩაყარეთ ქვაბში, დაამატეთ კარაქი, ლიმონის წვენი და შაქარი, კარგად აურიეთ და 2-3 წუთი დადგით საშუალო ცეცხლზე. ბოლოს შეაზავეთ დარიჩინით.
  5. ცომი გადმოიტანეთ ფქვილიმოყრილ მაგიდაზე და გაყავით 12 თანაბარ ნაწილად. თითოეული გუნდა გააბრტყელეთ და კიდეებზე გააკეთეთ ჭრილები, მიიღებთ ყვავილის ფორმის მსგავს ფენას.
  6. ცომის შუაში ჩადეთ ვაშლის გულსართი და შემოახვიეთ ცომის ჯერ ერთი ნააწილი, შემდეგ პირველ ფენას შემოახვიეთ მეორე ფენა, შემდეგ_მესამე, მეოთხე და მიიღებთ ვარდის მსგავს ფუნთუშებს.
  7. მზა ფუნთუშები დააწყვეთ ცხიმწასმულ საცხობ ფორმაზე, დაიცავით მანძილი. კვერცხის გულს დაამატეთ 2 ს. კ. წყალი, ათქვიფეთ. შემდეგ ფუნჯით გადაუსვით ფუნთუშებს და გააჩერეთ კიდევ 15 წუთი.

ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 25-30 წუთი. მოამზადეთ და მიირთვით დაუჯერებლად გემრიელი ფუნთუშები.