შემოგთავაზებთ ფრანგული კერძის რეცეპტს, რომელიც თქვენი სადღესასწაულო სუფრის მშვენება გახდება. ფენოვანი ცომის კალათები ძალიან გემრიელი, ლამაზი და ორიგინალურია.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ფენოვანი ცომი 500 გრ
- წითელი ხიზილალა 100 გრ
- ნაღების ყველი 150 გრ
- ნიორი 1 კბილი
- კვერცხი 1 ცალი
- მწვანილი გასაფორმებლად
მომზადების წესი:
- კერძის მოსამზადებლად დაგჭირდებათ უსაფუვრო ფენოვანი ცომი. ცომი გააბრტყელეთ მრგვალ ფენად, ამოჭერით 5 სმ დიამეტრის წრეები და თითოეული რამდენიმე ადგილას დაჩხვლიტეთ ჩანგლით, რათა ცომი თანაბრად ამოვიდეს. შემდეგ თითოეულ წრეში პლასტმასის ბოთლის თავსახურით ამოჭერით შიდა ნაწილი.
- მიიღებთ ცომის წრეებსა და რგოლებს. მიღებული ცომის წრეები, ოდნავ ხელით გააბრტყელეთ, დააწყვეთ საცხობ ფორმაზე, რომელზედაც პერგამენტის ქაღალდი გაქვთ დაფენილი. წრეებს დაადეთ რგოლები და წაუსვით ათქვეფილი კვერცხი. გამოცხობის შემდეგ მიიღებთ კალათებს.
- ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 15-20 წუთი.
- ფენოვანი კალათები გააგრილეთ, ოდნავ ჩააღრმავეთ და შიგთავსისთვის მეტი ადგილი გამოათავისუფლეთ.
- შიგთავსის მოსამზადებლად ნაღების ყველს დაამატეთ დაჭყლეტილი ნიორი და აურიეთ. მიღებული მასა კოვზით გაანაწილეთ კალათებში. ზემოდან დაადეთ ხიზილალა და გააფორმეთ მწვანილით. ლამაზი და ორიგინალური კალათები სუფრაზე მიტანამდე აუცილებლად შეინახეთ მაცივარში.
გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!