ხაჭოს ოქროსფრად დაბრაწული ფუნჩულები უგემრიელესი შიგთავსით

შემოგთავაზებთ ხაჭოს ფუნჩულების რეცეპტს. ფუმფულა, უგემრიელეს და ოქროსფრად დაბრაწულ ფუნჩულებზე უარს ვერავინ იტყვის. გარდა ამისა, ეს გემრიელობა უმარტივესი მოსამზადებელია და ინგრედიენტებიც მინიმალური სჭირდება. ცოტაოდენი ძალისხმევა და რამდენიმე წუთში შეძლებთ თქვენს საყვარელ ადამიანებს გემრიელი საუზმით გაუმასპინძლდეთ.

ფუნჩულების მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • კვერცხი 1 ცალი
  • შაქარი 5 ჩ. კ.
  • ცხიმიანი ხაჭო 250 გრ
  • ფქვილი 5 ს. კ.
  • გამაფხვიერებელი 1 ჩ. კ.
  • დაფქული დარიჩინი ნახევარი ჩ. კ.
  • შაქრის ფხვნილი ზემოდან მოსაყრელად
  • ზეთი შესაწვავად

მომზადების წესი:

  1. ხაჭო დააბლენდერეთ. კვერცხი და შაქარი ათქვიფეთ. შემდეგ  შეურიეთ ხაჭო და დარიჩინი ისე, რომ მიიღოთ ერთგვაროვანი მასა.
  2. გაცრილი ფქვილი გამაფხვიერებელთან ერთად ნელ-ნელა დაამატეთ ხაჭოიან მასას და მოზილეთ ცომი.
  3. მზა ცომი გადმოიტანეთ ფქვილმოყრილ ზედაპირზე და დაყავით კაკლის ზომის გუნდებად.
  4. ღრმა ქვაბში ჩაასხით 200-300 მლ-მდე ზეთი და დადგით საშუალო ცეცხლზე. ცხელ ზეთში ჩააწყვეთ ცომის ბურთულები  (რაოდენობა დამოკიდებულია ქვაბის დიამეტრეზე) და შეწვით ორივე მხრიდან. მზა ფუნჩულები დააწყვეთ ხელსახოცზე. ამ გზით შეძლებთ ზედმეტი ცხიმის მოშორებას.

ოქროსფრად დაბრაწული ფუნჩულები გადმოიტანეთ ლანგარზე, მოაყარეთ შაქრის ფხვნილი და უგემრიელესი დესერტით პირი ჩაიტკბარუნეთ.