შემოგთავზობთ უგემრიელესი და უნაზესი კრემიანი ფუნთუშების რეცეპტს. ფუნთუშები ისეთი გემრიელია, ისეთი, რომ ცდუნებას ვერ გაუძლებთ.
ცომის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ფქვილი 400 გრ
- საფუარი 5 გრ
- შაქარი 80 გრ
- მარილი მწიკვი
- რძის ფხვნილი 15 გრ
- კარაქი 40 გრ
- კვერცხი 1 ცალი
- რძე 200 მლ
კრემის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
- რძე 350 მლ
- 2 ცალი კვერცხის გული
- სახამებელი 2 ს. კ.
- შაქარი 4 ს. კ.
- ვანილი
- კარაქი 40 გრ
მომზადების წესი:
- თბილ რძეს დაამატეთ საფუარი, შაქარი და ცოტა ფქვილი. მიღებული ნარევი ცოტა ხნით სითბოში დააყოვნეთ. როდესაც საფუვრის ზედაპირზე ბუშტები წარმოიქმნება, დაამატეთ ათქვეფილი კვერცხი.
- აურიეთ ფქვილი, მარილი, რძის ფხვნილი. მიღებული ნარევი ნელ-ნელა შეაზილეთ საფუვრიან მასას და მოზილეთ ცომი.
- კარაქი გაადნეთ, გააგრილეთ, დაამატეთ ცომს და კიდევ ერთხელ ჩაზილეთ. მიიღებთ წებოვან ცომს, მაგრამ ფქვილი აღარ მოაყაროთ. მზა ცომი ჩადეთ თასში, გადააფარეთ ტილო და რამდენიმე საათით გააჩერეთ სითბოში.
- ამზადებთ კრემს. გაცხელებული რძე დაასხით სახამებელს და აურიეთ, დაამატეთ ვანილი, კვერცხის გულები და შაქარი. მიღებული მასა გადაიტანეთ სქელძირიან ქვაბში და დადგით დაბალ ცეცხლზე, ურევთ განუწყვეტლივ და ადუღეთ გასქელებამდე. კრემი გააგრილეთ და შათქვიფეთ კარაქი.
- სამუშაო ზედაპირზე მოაყარეთ ფქვილი, გადმოიტანეთ მზა ცომი და გაყავით 15 ნაწილად.
- თითოეული ნაწილი გააბრტყელეთ, დაახლოებით, 12-15 სმ სიგრძის ოვალებად. მიღებული ოვალები თვალით გაყავით ორ ნაწილად. ერთი ნაწილის შუაში დადეთ 1 ს. კ. კრემი (სიგრძეზე გაანაწილეთ). შემდეგ გადმოკეცეთ ცომი, დაფარეთ კრემი და კიდე მჭიდროდ შეაერთეთ. დარჩენილი ცომის ნაწილი დასერეთ სიგრძეზე, მაგრამ ბოლომდე არ ჩაჭრათ და ზემოდან გადმოაფარეთ კრემიან ნაწილს.
- საცხობ ფორმაზე დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი და მომზადებული ფუნთუშები დააწყვეთ. დაიცავით მანძილი. გააჩერეთ 20 წუთი. ფუნთუშებს ზემოდან გადაუსვით ათქვეფილი კვერცხის გული.
- ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტეპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 15 წუთი.
- მზა ფუნთუშებს გადააფარეთ ტილო და დაელოდეთ გაგრილებას. ოქროსფერი ფუნთუშები დაფარეთ შაქრის ფხვნილით.
შეგიძლიათ კრემის ნაცვლად გამოიყენოთ თქვენთვის სასურველი ჯემი, მაგალითად, ვაშლის, შინდის ან გამოიყენოთ ახალი ჟოლო, მაყვალი, მარწყვი. ეს უკვე თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული. გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!