შემოგთავაზებთ უგემრიელესი ღვეზელის რეცეპტს. ფხვიერი ცომის, ხაჭოსა და არაჟნის ბაზაზე მომზადებული ნაზი შიგთავსისა და კენკრის საოცარი არომატის კომბინაციით უგემრიელეს დესერტს მიიღებთ.
ღვეზელის ცომის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- კვერცხი 1 ცალი
- შაქარი 100 გრ
- კარაქი 100 გრ
- ფქვილი 200 გრ
- გამაფხვიერებელი 1,5 ჩ. კ.
შიგთავსის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- შაქარი 100 გრ
- კვერცხი 2 ცალი
- ხაჭო 500 გრ
- ვანილის შაქარი 1,5 ჩ. კ.
- არაჟანი 70 გრ
მომზადების წესი:
- ფქვილი გაცერით და შეურიეთ გამაფხვიერებელი.
- ცივი კარაქი დაჭერით პატარა კუბიკებად, დააყარეთ ფქვილი და აურიეთ ხელით ისე, რომ გამოგივიდეთ ფხვიერი ცომი.
- მიღებულ მასას დაამატეთ კვერცხი, შაქარი და მოზილეთ ცომი. ცომი უნდა იყოს რბილი და ელასტიური. შემდეგ შემოახვიეთ საკვების ცელოფანი და ნახევარი საათით შედეთ მაცივარში.
- ამზადებთ გულსართს: ხაჭოს დაამატეთ შაქარი, ვანილის შაქარი, არაჟანი, კვერცხი და ათქვიფეთ მიქსერით.
- საცხობ ფორმას წაუსვით კარაქი და მზა ცომი თანაბრად გაანაწილეთ, ამოიტანეთ ფორმის გვერდებზეც.
- შემდეგ შიგთავსი თანაბრად გაანაწილეთ და ზემოდან მოაწყვეთ თქვენთვის სასურველი კენკრა, უგემრიელესია წითელი მოცხარით ან მარწყვით, ჟოლოთი. თუ მჟავე არომატები გხიბლავთ, მაშინ ალუბლით მოამზადეთ.
- ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 40-45 წუთი.
საოცრად გემრიელი, დახვეწილი არომატის ღვეზელი გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!