ძვირფასო ქალბატონებო, სამზარეულო ექსპერიმენტებისა და თქვენი ოსტატობის ადგილია. შემოგთავაზებთ რამდენიმე უმარტივეს რჩევას, რომლებიც აუცილებლად გამოადგება როგორც დამწყებ, ისე გამოცდილ დიასახლისებს.
- თუ გსურთ, მოამზადოთ ფანტია ბრინჯი, მოხარშვამდე 30 წუთით ადრე ჩაალბეთ ცივ წყალში. მოსახარშად ჩაყარეთ ადუღებულ მარილიან წყალში, დაახურეთ ხუფი და ხარშეთ დაბალ ცეცხლზე. ბრინჯი გადაიტანეთ საწურზე და კარგად გარეცხეთ გამდინარე ცივ წყალში. გარეცხილი ბრინჯი წყლისგან კარგად უნდა დაიწრიტოს, ამიტომ 1-2 საათი გააჩერეთ საწურზე და შემდეგ გამოიყენეთ.
- თუ არ გსურთ, გამოიყენოთ მაიონეზი, მისი საუკეთესო ალტერნატივა არაჟნის, კარგად დაჭყლეტილი კვერცხის გულისა და მდოგვის კომბინაციაა.
- ცომს ზელის პროცესში დაამატეთ ცოტა კონიაკი და თქვენი ნაცხობი ბევრად უფრო ფუმფულა და ჰაეროვანი იქნება.
- თუ პურს სახლში აცხობთ, ცომს ზელის დროს დაამატეთ ცოტა ძმარი. ამ გზით პურს დიდი ხნით შეუნარჩუნებთ სირბილეს და შეაფერხებთ დაობების პროცესს.
- თაფლი კოვზზე რომ არ დარჩეს, კოვზს წაუსვით ცოტა ზეითუნის ზეთი და შემდეგ ამოიღეთ თაფლი.
- თუ გსურთ, ჭარხლის ფოთლებს შეუნარჩუნოთ კალიუმი, მოხარშეთ ცოტა წყალში.
- თუ გსურთ, ისპანახის ფხალი ძალიან გემრიელი და სასიამოვნო მწვანე ფერის იყოს, დიდხანს არ ხარშოთ. ადუღებიდან, დაახლოებით, 5 წუთში გადაიტანეთ საწურზე.
- თუ დაგავიწყდათ წინა საღამოს ლობიოს დალბობა, ადუღების შემდეგ დაასხით ცოტა ზეთი და ხარშვის დროს დაამატეთ ცივი წყალი.
- დამჭკნარ მწვანილს გამოაცოცხლებთ, თუ ცოტა ხნით გააჩერებთ ძმრიან წყალში.
- ხორცის სწრაფად მოხარშვას შეძლებთ თუ ხარშვის დროს დაამატებთ ცოტა ზეთს ან არაყს, ან ძმარს, ან ჯანჯაფილს (შეგიძლიათ გამოიყენოთ დაფქული, გახეხილი ან პატარა ნაჭერი).
- ათქვიფეთ კვერცხი სწორად. დაიმახსოვრეთ, როდესაც კვერცხის გულსა და ცილას თქვეფთ ცალ-ცალკე, გული უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის, ხოლო ცილა_ ცივი.
- დესერტების მომზადების დროს ფქვილის ნაწილი ჩაანაცვლეთ სახამებლით, ანუ ფქვილის საჭირო რაოდენობას ააკელით 1-2 ს. კ. და ჩაანაცვლეთ კარტოფილის ან სიმინდის სახამებლით. ამ გზით თქვენი ღვეზელები, ფუნთუშები, ბისკვიტები უფრო ფუმფულა და რბილი იქნება, ბლინები_ უფრო ნაზი, ხოლო კრემები_ ჰაეროვანი, ფაფუკი.
- ამზადებთ კრემს და მიუხედავად იმისა, რომ კარაქი კარგად ათქვიფეთ და ფქვილის, წყლისა და შაქრის ბაზაზე მომზადებული მოხარშული კრემიც ნაწილ-ნაწილ დაამატეთ, მაგრამ კრემი მაინც აგეჭრათ, არ ინერვიულოთ, აადუღეთ ცოტა წყალი და თქვეფის პროცესში (მდუღარე) დაასხით კრემს. მიიღებთ ერთგვაროვან და ჰაეროვან მასას. წყალი ბევრი არ მოგივიდეთ, თორემ კრემი გაგითხელდებათ.
- თუ კარაქისა და შესქელებული რძის კრემი აგეჭრათ, ალბათ, კარაქი აკლია. ცალკე თასში გათეთრებამდე ათქვიფეთ, დაახლოებით, 100 გრ კარაქი და ნაწილ-ნაწილ დაამატეთ აჭრილი მასა.
- თუ გსურთ, რომ შხეფებმა არ დაგაზიანოთ, ტაფაზე მოაყარეთ ცოტა მარილი და შემდეგ დაასხით ზეთი.
- ჰაეროვან და ფუმფულა ომლეტს მიირთმევთ, თუ კვერცხს ათქვეფის დროს დაამატებთ ცოტა ცივ წყალს.