დამეთანხმებით, რომ ოფლის ლაქები სამოსზე საკმაოდ ძნელი მოსაშორებელია. საყვარელი თეთრი მაისური, რომელიც მხოლოდ ერთი სეზონი გეცვათ, ოფლის ყვითელი ლაქების გამო შეიძლება ვეღარ ჩაიცვათ. ასეთი სახის დაბინძურება განსაკუთრებით შესამჩნევია ღია ფერის სამოსზე, რომელთაც ზაფხულში ანიჭებთ უპირატესობას.
შემოგთავაზებთ რამდენიმე ბიუჯეტურ პროდუქტს, რომელთა საშუალებით შეძლებთ სამოსიდან ოფლის ლაქების მოშორებას.
1. მარილი
პირველ რიგში, სამოსი გაავლეთ თბილ წყალში, გაწურეთ და თითოეულ ლაქაზე მოაყარეთ, დაახლოებით, 10-10 გრ მარილი. სამოსი ისე დაკეცეთ, რომ მარილი დარჩეს საჭირო ადგილზე და გააჩერეთ რამდენიმე საათი, უმჯობესია, დატოვოთ მთელი ღამე. დაბინძურებული ადგილები ჯერ ხელით ამორეცხეთ და შემდეგ გარეცხეთ სარეცხის მანქანაში.
2. სოდა და ლიმონის წვენი
ოფლის ყვითელ ლაქებთან ერთად სოდა სამოსს აშორებს ბაქტერიებს. 1 ს. კ. სოდას დაამატეთ ფინჯანი ლიმონის წვენი, მოურიეთ და ნარევი დაასხით ლაქებზე. გააჩერეთ 30 წუთი. დაბინძურებული ადგილები ამორეცხეთ სარეცხი საპნით და ცოტა ხანს გააჩერეთ. შემდეგ ჩვეულებრივი წესის მიხედვით გარეცხეთ ხელით ან სარეცხი მანქანით.
3. ასპირინი
ასპირინის შემადგენლობაში შედის სალიცილის მჟავა, რომელსაც შეუძლია ქსოვილში ღრმად შეღწევა და ნივთებისთვის თეთრი ფერის დაბრუნება. დაგჭირდებათ მხოლოდ 1 აბი ასპირინი. ასპირინი დაფშხვენით და გახსენით ჭიქა წყალში. მომზადებული ნარევი დაიტანეთ ყვითელ ლაქებზე და გააჩერეთ 10 წუთი და შემდეგ გარეცხეთ ხელით ან სარეცხი მანქანით.
4. ამიაკის სპირტი
ამიაკის სპირტი უმკლავდება ყველაზე ძნელად მოსაშორებელ ლაქებს. თანაბარი რაოდენობით აიღეთ ამიაკი და წყალი. მომზადებული ნარევი დაიტანეთ ლაქებზე და გააჩერეთ 10 წუთი. დაბინძურებული ადგილები ჯერ ამორეცხეთ თბილი წყლით და შემდეგ ნივთები გარეცხეთ ჩვეულებრივი წესის მიხედვით.
5. წყალბადის ზეჟანგი
გამწმენდი ხსნარის მოსამზადებლად დაგჭირდებათ 2 ს. კ. საკვები სოდა და 100 მლ წყალბადის ზეჟანგი. ხსნარი დაიტანეთ ლაქებზე და გააჩერეთ 10 წუთი. შემდეგ ამორეცხეთ ხელით ან კბილის ჯაგრისით. ბოლოს სამოსი შეგიძლიათ გარეცხოთ ხელით ან სარეცხი მანქანით.
შეგიძლიათ სოდა არ დაამატოთ და მარტო წყალბადის ზეჟანგი გამოიყენოთ.
ასე რომ, გამოიყენეთ უმარტივესი პროდუქტები და დაუბრუნეთ თქვენს საყვარელ სამოსს პირვანდელი იერი.