შემოგთავაზებთ ძველ მრავალჯერ გამოცდილ მეთოდს, რომლის საშუალებით ტიულის თეთრ ფარდებს დაუბრუნებთ სიქათქათესა და პეწს.
მართალია, მოცემული მეთოდით რეცხვა საჭიროებს ძალისხმევას და შეიძლება იფიქროთ, რომ არ ღირს წვალებად, მაგრამ უმარტივესი ინგრედიენტის საშუალებით შეძლებთ გაყვითლებული, შესაცვლელად გამზადებული, ფარდების გათეთრებას, რომლებიც კიდევ დიდხანს დაამშვენებს და სიმყუდროვეს მოჰფენს თქვენს სახლს.
გჭირდებათ ფარდის რამდენიმე საათით ჩალბობა, მარილის ხსნარი და ბრილიანტის მწვანე.
- ფარდა 2 საათით ჩაალბეთ ოთახის ტემპერატურის წყალში, არ დაამატოთ სარეცხი საშუალებები.
- ცხელ წყალში გახსენით თქვენთვის ხელმისაწვდომი სარეცხი საშუალება და ფარდა კიდევ ჩაალბეთ რამდენიმე საათით.
- შემდეგ ხელით გარეცხეთ, გაავლეთ გამდინარე წყალში და კვლავ 2 საათით ჩაალბეთ ოთახის ტემპერატურის წყალში.
- მოამზადეთ მარილხსნარი: 3 ს. კ. მსხვილი მარილი გახსენით ნახევარ ლ თბილ წყალში. დიდ თასში, ჩაასხით თბილი წყალი, დაამატეთ მომზადებული ხსნარი, 10 წვეთი ბრილიანტის მწვანე და მოურიეთ. მომზადებულ ნარევში 2-3 წუთი ჩაალბეთ ტიულის ფარდა. პერიოდულად ფარდა გადააბრუნეთ ხოლმე. ამოიღეთ, დაწრიტეთ და გააშრეთ.
მიიღებთ გასაოცარ შედეგს. ძველ, გაყვითლებულ ფარდას გააქათქათებთ. მარილი ქსოვილს ამკვრივებს, ბრილიანტის მწვანე კი თავდაპირველ სითეთრეს უბრუნებს.