შემოგთავაზებთ უგემრიელესი კერძის რეცეპტს. გემრიელად შეზავებული და ღუმელში გამომცხვარი ხორცი სადღესასწაულო სუფრის მშვენებაა.
კერძი უმარტივესი მოსამზადებელია. ხორცს წინა დღით წაუსვამთ მარინადს. შემდეგ დაამატებთ დანარჩენ ინგრედიენტებს და სულ რაღაც 5-10 წუთში შედებთ გამოსაცხობად.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- უძვლო ხორცი (საქონლის ან ღორის) 1 კგ
- პამიდორი 2 ცალი
- ხმელი ყველი 200 გრ
- ნიორი 3 კბილი
მარინადის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
- სოიოს სოუსი 2-3 ს. კ.
- მდოგვი 1 ჩ. კ.
- ზეითუნის ან მზესუმზირის ზეთი 2 ს. კ.
- მარილი და პილპილი გემოვნებით
მომზადების წესი:
- აირჩიეთ ხორცის რბილი, თანაბარი, მართკუთხა ფორმის ნაჭერი.
- ხორცის ნაჭერი რამდენიმე ადგილას ჩაჭერით, მაგრამ ღრმად არ ჩაჭრათ.
- მარინადისთვის საჭირო ინგრედიენტები აურიეთ და ხორცს ყველა მხრიდან (ჭრილებშიც) კარგად წაუსვით. თქვენი გემოვნებით მოაყარეთ მარილი, პილპილი. ხორცი ჩადეთ შესაბამისი ფორმის ჭურჭელში, დაახურეთ სარქველი და 10-12 საათით შედეთ მაცივარში.
- მითითებული დროის გასვლის შემდეგ, ხორცი გამოიღეთ მაცივრიდან და გადაიტანეთ ფოლგაზე.
- ყველი დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად. პამიდორი და ნიორი დაჭერით მრგვალად. თითოეულ ჭრილში ჩადეთ თითო-თითო ნაჭერი ყველი, პამიდორი და ნიორი. შეგიძლიათ თქვენი გემოვნების მიხედვით დაამატოთ სოკოც.
- შემდეგ ხორცს შემოახვიეთ ფოლგა და გამოაცხვეთ 180-200 გრადუს ტემპერატურაზე გაცხელებულ ღუმელში. გამოსაცხობად დასჭირდება 50-60 წუთი.
- მზა ხორცი გადაიტანეთ ლანგარზე და მოაყარეთ წვრილად დაჭრილი მწვანილი.
უგემრიელესი კერძი ირგვლივ მადისაღმძვრელ სურნელს აფრქვევს. მოამზადეთ და ისიამოვნეთ!