უსაფუარო, სახლში გამომცხვარი პურის რეცეპტი კეფერით

თუ შეძენილი პურის შემადგენლობას ყურადღებას აქცევთ, ალბათ, არც თუ ისე სასარგებლო ინგრედიენტებმა იმედი არაერთხელ გაგიცრუათ. ამ მიზეზით ბევრი დიასახლისი არასასურველი კომპონენტების გამოყენების გარეშე პურის სახლში გამოცხობას ცდილობს.  მართალია, უკვე უამრავი პურის რეცეპტი არსებობს. როგორ ავირჩიოთ საუკეთესო?

ჩვენი რედაქცია საქმეს გაგიმარტივებთ და გიამბობთ, თუ როგორ გამოაცხოთ არომატული, უსაფუარო პური მთელი ოჯახისთვის!

ღუმელში გამომცხვარი უსაფუარო პური

ამ ინსტრუქციით მომზადებული პური ყოველთვის გემრიელი და რბილი გამოვა. ის უხარისხო, შეძენილი პროდუქტის შესანიშნავი ალტერნატივა გახდება.

ინგრედიენტები:

  • 500 მლ კეფირი
  • 1 ჩ/კ მარილი
  • 1 ჩ/კ სოდა
  • 1-1,5 ს/კ თაფლი/შაქარი
  • 3 ს/კ მცენარეული ზეთი
  • 2 ჭიქა (500 გრ) ხორბლის ფქვილი
  • 1,5 ჭიქა ჭვავის ფქვილი
  • 10 გრ სეზამი
  • დაქუცმაცებული შვრიის ფანტელები
  • 0,5 ჭიქა ქატო (სურვილის მიხედვით)

მომზადება:

1. თასში კეფირი ჩაასხით, მარილი, სოდა, მცენარეული ზეთი და თაფლი ან შაქარი დაუმატეთ. კეფირი შეიძლება იყოს უცხიმო ან დაბალპროცენტიანი. ინგრედიენტები კარგად აურიეთ.

2. ფქვილის არჩევისას თქვენი სურვილით იხელმძღვანელეთ. ასეთი პური შეგიძლიათ მხოლოდ ხორბლის ფქვილისგან მოამზადოთ ან ხორბლის ფქვილი ჭვავის, წიწიბურას ან სხვა ნებისმიერ ფქვილს აურიოთ. კეფირის ნარევში ფქვილის დამატება დაიწყეთ.

3. ცომს კოვზით აურიეთ. უფრო მეტი ფქვილის დამატება არ ღირს, თუ ხედავთ, რომ ცომი ოდნავ თხევადია. მთავარია – ერთგვაროვანი მასა მიიღოთ, ამასთან ცომი საკმაოდ ფხვიერი უნდა იყოს და ხელზე უნდა გეკვროდეთ.

4. დაფას ფქვილი მოაყარეთ და ზედაპირზე კოვზით ცომი გადმოიღეთ.

5. დრო მოვიდა პურის ფორმირებაზე იზრუნოთ. ცომი ფქვილში ოდნავ ამოავლეთ და საჭირო ფორმა შექმენით (ჩვეულებრივ, მრგვალი ან წაგრძელებული).

6. საცხობ ფორმას ქაღალდი ან ფოლგა დააფარეთ, რომ ცომი არ დაიწვას. ცომი ფორმაში მოათავსეთ. რამდენიმე ჰორიზონტალური ჩანაჭერი გაუკეთეთ. ამის შემდეგ 210-230 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში 30-35 წუთით აცხვეთ.

მითითებული დროის შემდეგ ცხობის მზაობა კბილის ჩხირით შეამოწმეთ. მზა პური ღუმელიდან გამოიღეთ და სრულ გაგრილებამდე პირსახოცი გადააფარეთ.

დეტალური ინსტრუქციისთვის მარია სმოლნიკოვის ვიდეოს გთავაზობთ, რომ პურის მომზადების თითოეული ეტაპი თვალნათლივ დაინახოთ.

დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი პურის ერთხელ გამოცხობის შემდეგ, მაღაზიაში პურის ყიდვას აღარ ისურვებთ. ცომს შეგიძლიათ მზესუმზირას ან გოგრის თესლი, სელის ან ჩიის თესლი დაუმატოთ. ასეთი პური უფრო მკვებავი და სასარგებლო იქნება. ექსპერიმენტების არ შეგეშინდეთ, რადგან მხოლოდ ასე მიხვდებით, თუ ყველაზე უკეთ რომელი რეცეპტი შეგეფერებათ.