როგორ მოვამზადოთ კრუასანები საყვარელი შიგთავსით

თქვენს პატარებს ძალიან უყვართ კრუასანები, გადაწყვიტეთ, რომ თვითონ მოამზდოთ მათი საოცნებო ტკბილეული და შიგთავსიც ბავშვების სურვილისამებრ შეარჩიოთ.

ზოგს შოკოლადით უყვარს, ზოგს-მარწყვის ხილფაფით ან უგემრიელესი მოხარშული შედედებული რძით, ან თეთრი შოკოლადით. აუსრულეთ თქვენს პატარებს სურვილი და მიანიჭეთ მათ უსაზღვრო ბედნიერება.

შემოგთავაზებთ ფაფუკი და ჰაეროვანი ტკბილი კრუასანების რეცეპტს, რომელიც უმარტივესი მოსამზადებელია.

საჭირო ინგრედიენტები:

  • თბილი წყალი 200 მლ
  • მარილი 1/3 ჩ. კ.
  • თბილი რძე 200 მლ
  • შაქარი 1 ს. კ.
  • საფუარი
  • კარაქი 2 ს. კ.
  • კვერცხი 2 ცალი
  • ფქვილი 750-800 გრ
  • დარბილებული კარაქი 180 გრ
  • კრუასანები შეგიძლიათ შიგთავსის გარეშეც მოამზადოთ.

მომზადების წესი:

1. აიღეთ თასი, ჩაასხით წყალი და რძე, დაამატეთ შაქარი, მარილი, საფუარი. ყველაფერი აურიეთ და გააჩერეთ 10 წუთი.

2. შემდეგ დაამატეთ კვერცხი, კარაქი, შაქარი (თუ შიგთავსის გარეშე აკეთებთ შაქარი მეტი დაამატეთ, დაახლოებით 100-150 გრ) და კარგად აურიეთ.

3. ფქვილი გაცერით და თანდათან დაამატეთ მომზადებულ მასას.  მოზილეთ რბილი ცომი. გადააფარეთ ცელოფანი, გააჩერეთ თბილ ადგილზე და დაელოდეთ აფუებას.

4. ცომი ჩაზილეთ და გაყავით 12 ნაწილად. თითოეული გუნდა გააბრტყელეთ და წაუსვით კარაქი თხელ ფენად. გაბრტყელებული გუნდები დააწყვეთ ერთმანეთზე.

5. ფენებად დაწყობილი ცომის თხელი ფენები ერთად კიდევ კარგად გააბრტყელეთ, შემდეგ კი დაყავთი 24 თანაბარი ზომის სამკუთხედად.

6. თუ შიგთავსით აკეთებთ, შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი პროდუქტი, რომელსაც განათავსებთ სამკუთხედის ფართო მხარეს და წვეროსკენ გადაახვიეთ.

7. საცხობ ფორმაზე დააფინეთ პერგამენტი და დააწყვეთ კრუასენები და ზემოდან წაუსვით კვერცხის გული.

8. ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე და გამოაცხვეთ 30-35 წუთის განმავლობაში. გემოვნების მიხედვით მოაფრქვიეთ შაქრის ფხვნილი.

მოამზადეთ საოცარი კრუასანები და გაახარეთ თქვენი უსაყვააარლესი ადამიანები.