შემოგთავაზებთ საოცრად გემრიელი, კრემიანი ფუნთუშების რეცეპტს. ფუმფულა ცომისა და უნაზესი კრემის კომბინაცია ფუნთუშებს განუმეორებელ გემოს ჰმატებს. მართალია, დესერტი მოსამზადებლად არ არის მარტივი, მაგრამ ღირს ცდად.
კრემიანი ფუნთუშების მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ფქვილი 300-400 გრ.
- შაქარი 100 გრ.
- საფუარი 1 ჩ. კ.
- რძის ფხვნილი 10 გრ.
- მარილი 0,5 ჩ. კ.
- კვერცხი 3 ცალი
- კარაქი 50 გრ.
- სიმინდის სახამებელი 20 გრ.
- რძე 160 მლ.
- წყალი 130 მლ.
- ვანილი
მომზადების წესი:
- თბილ წყალს დაამატეთ საფუარი და აურიეთ. ცალკე ჭურჭელში აურიეთ ფქვილი, რძის ფხვნილი, მარილი, 50 გრ შაქარი დაასხით საფუვრიანი ნარევი, დაამატეთ 1 ცალი კვერცხი, 30 გრ გამდნარი კარაქი და მოზილეთ ცომი.
- ცომი ხელებზე არ უნდა გეკრობოდეთ. მომზადებული მასა 1-2 საათით გააჩერეთ სითბოში. მისი მოცულობა 2-3-ჯერ უნდა გაიზარდოს.
- სანამ ცომი აფუვდება მოამზადეთ კრემი. რძე აადუღეთ. 1 ცალი კვერცხის, სიმინდის სახამებელისა და 50 გრ შაქარის ნარევს დაასხით ადუღებული რძე და კარგად აურიეთ. მიღებული მასა დადგით დაბალ ცეცხლზე და განუწყვეტლივ ურიეთ.
- ადუღეთ 2-3 წუთი, გადმოდგით ცეცხლიდან, დაამატეთ ვანილი, 10 გრ კარაქი და აურიეთ. მომზადებულ კრემს გადააფარეთ საკვების ცელოფანი ისე, რომ კრემს ეხებოდეს. ამ გზით აირიდებთ ზედაპირის გახმობას.
- აფუებული ცომი გაყავით 10 თანაბარ ნაწილად. თითოეული ნაწილი გააბრტყელეთ (დაახლოებით, 20 სმ-ის სიგრძეზე) და თხლად წაუსვით კრემი. გაითვალისწინეთ, რომ უნდა გამოიყენოთ კრემის ნახევარი, რადგან დანარჩენი მოსართავად დაგჭირდებათ.
- კრემწასმული ცომი გადაახვიეთ და მომზადებული ხვეულები დაალაგეთ ცხიმწასმულ საცხობ ფორმაზე.
- ზემოდან გადაუსვით ათქვეფილი კვერცხი და დააყოვნეთ ნახევარი საათით. დარჩენილი კრემი გადაიტანეთ საკონდიტრო ტომარაში და თქვენი სურვილისამებრ მორთეთ ფუნთუშები.
- გამოაცხვეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 30-40 წუთი.
მოამზადეთ კრემიანი ფუნთუშები და გადააქციეთ საუზმე დღესასწაულად. გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!