ფენოვანი ენა მარტივი რეცეპტის მიხედვით. გემო, რომელიც სკოლის სასადილოს მახსენებს

შემოგთავაზებთ კიდევ ერთი უგემრიელესი დესერტის რეცეპტს, რომელიც წლებია უკვე, ბევრი ადამიანის გულთამპყრობელია. უგემრიელესი, ჰაეროვანი, ფენოვანი, შაქარმოყრილი დესერტი, ე. წ. ,,ენა“, ყველას უყვარს. მოამზადეთ, გაიხსენეთ ბავშვობა და გააბედნიერეთ თქვენი პატარებიც.

დესერტის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • 3 ჩ/ჭ + 2 ს/კ ფქვილი
  • 1 ჩ/ჭ წყალი
  • 1 კვერცხი
  • 1 ჩ/კ მარილი
  • ლიმონის წვენი რამდენიმე წვეთი
  • 250 გრ კარაქი

მომზადების წესი:

ფქვილი გაცერით, დაასხით წყალი, დაამატეთ მარილი, კვერცხი, ლიმონის წვენი და მოზილეთ ცომი. მზა ცომი გააბრტყელეთ. დარბილებულ კარაქს დაამატეთ 2 ს/კ ფქვილი, აურიეთ,  დაყარეთ გაბრტყელებული ცომის შუაგულში და კიდეები კონვერტისებურად გადაკეცეთ, გადააფარეთ ტილო და 20 წუთით შედეთ მაცივარში.

მითითებული დროის გასვლის შემდეგ ცომი მაცივრიდან გამოიღეთ და მხოლოდ ერთი მიმართულებით გააბრტყელეთ. შემდეგ კიდეები ისევ კონვერტისებურად გადაკეცეთ და 15 წუთით კვლავ შედეთ მაცივარში. ეს პროცედურა კიდევ ერთხელ გაიმეორეთ.

ბოლოს ცომი გააბრტელეთ 1 სმ სისქეზე, დაჭერით მართკუთხა ნაჭრებად და თითოეულს მოაყარეთ შაქარი. საცხობ ფორმას მოავლეთ წყალი, დააწყვეთ დაჭრილი ცომები და გამოაცხვეთ 200°С ტემპერატურაზე 15-20 წუთის განმავლობაში. მოამზადეთ ეს გემრიელობა და გაახარეთ თქვენი პატარები.