ლობიოს მომზადების უამრავი რეცეპტი არსებობს. ლობიო ნიგვზით, პამიდვრით, ლორით და ყველა ერთიმეორეზე გემრიელია. ძნელად თუ მოიძებნება ადამიანი, ვისაც ლობიო არ უყვარს.
ამჯერად, მოვამზადოთ თეთრი ლობიო ტომატპასტით, მწარე წიწაკითა და შებოლილი მონადირული ძეხვით. კერძი ისეთი გემრიელია, რომ თითებს ჩაიკვნეტთ.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- 300 გრ თეთრი ხმელი ლობიო
- 1 თავი ხახვი
- 1 ცალი სტაფილო
- 1 ქილა (200 გრ) ტომატპასტა
- 4 ცალი მონადირული ძეხვი
- ზეთი 50 გრ
- მარილი, შავი პილპილი, პაპრიკა
მომზადების წესი:
- თეთრი ლობიო გაარჩიეთ, გარეცხეთ, დაასხით წყალი და მთელი ღამით ჩაალბეთ.
- დილით ლობიო გარეცხეთ, დაასხით წყალი და დადგით მოსახარშად. მზა ლობიო გადაწურეთ და წვენი ცალკე ჭურჭელში გადაიტანეთ.
- ხახვი წვრილად დაჭერით. სტაფილო გახეხეთ. ძეხვი დაჭერით საშუალო ნაჭრებად.
- ხახვი მოთუშეთ ზეთში, დაამატეთ ჯერ სტაფილო, შემდეგ ძეხვი, მარილი, სანელებლები, აურიეთ და დაბალ ცეცხლზე 2-3 წუთი გააჩერეთ. შემდეგ დაამატეთ ტომატპასტა, დაასხით ლობიოს ცოტა წვენი და აურიეთ.
- დაახლოებით 3 წუთის შემდეგ, დაამატეთ ლობიოს მარცვლები. თუ წვენი საკმარისი არ აღმოჩნდება, ცოტა კიდევ დაამატეთ. ქვაბს დაახურეთ და დაბალ ცეცხლზე გააჩერეთ 15 წუთი.
უგემრიელესი თეთრი ლობიო ტომატპასტითა და მონადირული ძეხვით მზად არის. გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!