ხაჭოს ნაზი შიგთავსი და შოკოლადის ცომი განუმეორებელ გემოს ქმნის. ნამცხვარი “ჟირაფი” ჩემთვის კულინარიული აღმოჩენაა

შემოგთავაზებთ უნაზესი და ფხვიერი, შოკოლადის ცომითა და ხაჭოს არომატული შიგთავსით მომზადებული დესერტის,  ,,ჟირაფის“, რეცეპტს. უგემრიელესი დესერტი გამორჩეულია ორიგინალური ვიზუალითაც.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • შაქარი 350 გრ
  • არაჟანი 300 გრ
  • უცხიმო ხაჭო 200 გრ
  • კარაქი 200 გრ
  • კვერცხი 3 ცალი
  • ფქვილი 2,5 ჩ. ჭ.
  • ვანილის შაქარი
  • კაკაო 2 ს. კ.
  • სახამებელი 2 ს. კ.
  • სოდა 1 ჩ. კ.

მომზადების წესები:

  1. დარბილებული კარაქი და მოცემული შაქრის ნახევარი აურიეთ, შეათქვიფეთ 1 ცალი კვერცხი, დაამატეთ გაცრილი ფქვილი, სოდა, კაკაო და მოზილეთ ცომი.
  2. მზა ცომს შემოახვიეთ საკვების ცელოფანი და 20 წუთით შედეთ მაცივარში.
  3. არაჟანს დაამატეთ ხაჭო, დარჩენილი შაქარი, ვანილის შაქარი, 2 ცალი კვერცხი, სახამებელი და კარგად ათქვიფეთ.
  4. ცომი გამოიღეთ მაცივრიდან და გაყავით 2 არათანაბარ ნაწილად. საცხობ ფორმაში ცომის დიდი ნაწილი თანაბრად გაანაწილეთ. ცომი ამოიტანეთ ფორმის კედლებზეც და ჩაასხით ხაჭოს შიგთავსი.
  5. დარჩენილი შოკოლადის ცომისგან გამოხელეთ პატარა გუნდები და ხაჭოიან მასაში ალაგ-ალაგ ჩააწყვეთ.
  6. ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 50-60 წუთი.

დესერტი ფორმიდან გაგრილების შემდეგ ამოიღეთ. გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!