ნაზი და ფაფუკი ეკლერები უგემრიელესი კრემითა და შოკოლადის მინანქრით

შემოგთავაზებთ უგემრიელესი, ფაფუკი და ჰაეროვანი ეკლერების რეცეპტს. დესერტს განუმეორებელ არომატს ჰმატებს უნაზესი კრემი და შოკოლადის მინანქარი. მართალია, ეს გემრიელობა მარტივი მოსამზადებელი არ არის, მაგრამ ღირს წვალებად.

ცომის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • წყალი 125 მლ
  • რძე 125 მლ
  • კარაქი 100 გრ
  • ფქვილი 150 გრ
  • კვერცხი (პირველი კატეგორია) 5 ცალი, დაახლოებით, 250 გრ (წონა ჭურვის გარეშე)
  • მარილი ½ ჩ. კ.
  • შაქარი 1 ჩ. კ.

კრემის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • რძე 500 მლ
  • 4 ცალი კვერცხის გული
  • შაქარი 150 გრ
  • ვანილის ექსტრაქტი 1 ჩ. კ.
  • სიმინდის სახამებელი 40 გრ
  • კარაქი 100 გრ

მინანქრის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • შოკოლადი 150 გრ
  •  ზეთი ან კარაქი 50 გრ

მომზადების წესები:

  1. პირველ რიგში, მოამზადეთ კრემი. რძეს შეურიეთ 50 გრ შაქარი, ვანილის ექსტრაქტი და აადუღეთ.
  2. კვერცხის გულებს დაამატეთ 50 გრ შაქარი, სახამებელი და ათქვიფეთ. ადუღებული რძე ნელ-ნელა დაასხით სახამებლიან მასას დაა ურევთ სწრაფად ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. უმჯობესია, თუ კრემის მოსამზადებლად სქელძირიან ქვაბს გამოიყენებთ.
  3. მომზადებული მასა დადგით საშუალო ცეცხლზე და ურევთ განუწყვეტლივ გასქელებამდე. კრემი ადუღებისთანავე გადმოდგით ცეცხლიდან, გადაიტანეთ თასში, დაამატეთ დაჭრილი კარაქი, აურიეთ, გადააფარეთ ცელოფანი და გააგრილეთ. გაგრილების შემდეგ 4-5 წუთის განმავლობაში ათქვიფეთ მიქსერით და უგემრიელესი, ჰაეროვანი კრემიც მზად არის.
  4. ცომის მოსამზადებლად კარაქი დაჭერით პატარა კუბიკებად. წყალი, რძე, კარაქი, მარილი, შაქარი აურიეთ, გადაიტანეთ  სქელძირიან ქვაბში და დადგით დაბალ ცეცხლზე. ურევთ განუწყვეტლივ. მასა მიიყვანეთ თითქმის ადუღებამდე. შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან და სწრაფად შეაზილეთ გაცრილი ფქვილი. უნდა მიიღოთ ერთგვაროვანი მასა. ქვაბი კვლავ 2-3 წუთი დადგით დაბალ ცეცხლზე და ურევთ განუწყვეტლივ.
  5. მითითებული დროის გასვლის შემდეგ, გადმოდგით ცეცხლიდან და თბილს ნელ-ნელა შეაზილეთ კვერცხი. მზა ცომი უნდა იყოს გლუვი, ერთგვაროვანი და შესამჩნევად პრიალა.
  6. საცხობ ფორმაზე დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი. მზა ცომი გადაიტანეთ საკონდიტრო ტომარაში და ფორმაზე დასვით  გრძივი ზოლები.
  7. ღუმელი გააცხელეთ 250 გრადუს ტემპერატურაზე, მაგრამ როგორც კი ეკლერების გამოცხობას დაიწყებთ ღუმელი  დააყენეთ 180 გრადუსზე. მოსამზადებლად დასჭირდება 25-30 წუთი. გაითვალისწინეთ, ცხობის პროცესში ღუმელი არ გამოაღოთ.

ოქროსფრად დაბრაწული ეკლერები გააგრილეთ და საკონდიტრო ტომრის საშუალებით ამოავსეთ კრემით.

მინანქრის მოსამზადებლად დატეხეთ შოკოლადი და კარაქთან ერთად გაადნეთ ორთქლის აბაზანაზე. ურევთ განუწყვეტლივ. ეკლერების ზედაპირი დაფარეთ თბილ-თბილი შოკოლადით  და გემრიელად მიირთვით.