ყველა ქალის ოცნებაა ჰქონდეს აბრეშუმივით ბზინვარე, გრძელი, ლამაზი და ჯანსაღი თმა. თმა ხომ სილამაზის ერთ-ერთი სამკაულია, მაგრამ, სამწუხაროდ, მასზე უარყოფითად მოქმედებს გარემო ფაქტორები, თმის მოვლის უხარისხო საშუალებები, ქიმიური კომპონენტებით დატვირთული საღებავები და სხვა.
შემოგთავაზებთ ბუნებრივი ინგრედიენტების ბაზაზე მომზადებული მარტივი, ეფექტური, ბიუჯეტური ხელნაკეთი საშუალებების რეცეპტებს, რომელთა წყალობით შეძლებთ გქონდეთ ლამაზი, აბრეშუმივით ბზინვარე და გრძელი თმა. მოცემული საშუალებები თმას ჰმატებს მოცულობას, აფერხებს ცვენას, მოგაშორებთ ქერტლს, გაგიმაგრებთ თმის ძირებს.
ლუდისა და ხახვის ნაყენი
ლუდისა და ხახვის ნაყენი თმის ინტენსიური ზრდისთვის საუკეთესო საშუალებაა. ნაყენის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ხახვი 1 თავი
- ლუდი 100 მლ
მომზადებისა და გამოყენების წესები:
- ხახვი დაჭერით წვრილად, გადაიტანეთ მინის ქილაში, დაასხით ლუდი და გააჩერეთ 7-8 საათი. საღამოს გადაწურეთ და ნაყენი შეიზილეთ თმაზე, თავის კანზე. სამოქმედოდ დაიტოვეთ 30 წუთი. შემდეგ თმა თბილი წყლით კარგად ჩამოიბანეთ.
- რეკომენდებულია ნაყენი 7 დღის განმავლობაში გამოიყენოთ რეგულარულად, ანუ ყოველ დღე.
მოცემული საშუალების წყალობით შეძლებთ, თმა გააჯეროთ საჭირო საკვები ნივთიერებებით. ნაყენი ხელს უწყობს თმის ზრდას, შეგიჩერებთ თმის ცვენას და გაგათავისუფლებთ ქერტლისგან.
ხახვი და შამპუნი
1 თავი ხახვი დაჭერით წვრილად, დაამატეთ თქვენს შამპუნს და აურიეთ. ნარევი დააყოვნეთ 15 დღე, რათა ხახვი დადუღდეს და მისი ეფექტურობა კიდევ უფრო გაიზარდოს. შემდეგ ნარევი გადაწურეთ და თმა ჩვეულებრივი წესის მიხედვით დაიბანეთ.
ხახვის, ნივრისა და დარიჩინის ნახარში
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- წყალი 500 მლ
- ხახვი 1 თავი
- ნიორი 4 კბილი
- დარიჩინის 4 ჩხირი
მომზადებისა და გამოყენების წესები:
- წყალი აადუღეთ, დაამატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი, ნიორი, დარიჩინის ჩხირები და ადუღეთ 10-15 წუთი. ნახარში გააგრილეთ ოთახის ტემპერატურამდე, გადაწურეთ და შეიზილეთ თავის კანზე და თმის მთელ სიგრძეზე. ნახარში სამოქმედოდ დაიტოვეთ 30 წუთი. შემდეგ თმა თბილი წყლით კარგად ჩამოიბანეთ.
- თუ ნახარში დაგრჩათ, გადაიტანეთ მინის ქილაში და მომდევნო გამოყენებამდე შეინახეთ მაცივარში.
- პროცედურა გაიმეორეთ 2-3 დღის შემდეგ.
წიწაკის ნაყენი
წიწაკის ნაყენი შეგიძლიათ შეიძინოთ აფთიაქში ან მოამზადოთ სახლში.
ნაყენის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
- 5-7 ცალი წითელი მწარე წიწაკა
- 500 მლ არაყი
- 2 ს. კ. აბუსალათინის ზეთი
მომზადებისა და გამოყენების წესები:
წიწაკა გარეცხეთ, მოათავსეთ მინის ქილაში, დაასხით არაყი და გააჩერეთ 5 დღე. მითითებული დროის გასვლის შემდეგ, დაამატეთ აბუსალათინის ზეთი. ნაყენი დაბანის წინ შეიზილეთ თმაზე, გაიჩერეთ 10 წუთი და შემდეგ თმა ჩვეულებრივი წესის მიხედვით დაიბანეთ.
ყურძნის ზეთი
დაბანის წინ თმაზე შეიზილეთ თბილი ზეთი. სამოქმედოდ დაიტოვეთ 20-30 წუთი. შემდეგ თმა ჩვეულებრივი წესის მიხედვით დაიბანეთ. შეგიძლიათ გამოიყენოთ ნუშის ზეთიც.
თაფლი
თაფლი დაზიანებული თმის აღსადგენად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. დაბანის შემდეგ, ტენიან თმაზე და თავის კანზე შეიზილეთ თაფლი. სამოქმედოდ დაიტოვეთ 30 წუთი. შემდეგ თმა თბილი წყლით კარგად ჩამოიბანეთ.
რეკომენდებულია თაფლი ორი კვირის განმავლობაში გამოიყენოთ ყოველდღიურად.
თაფლი თმას ჰმატებს მოცულობას და ასწრაფებს თმის ზრდას. გამოიყენეთ სუპერ ეფექტური საშუალებები და შედეგით ისიამოვნეთ!