შემოგთავაზებთ ხორცის უგემრიელესი, ნაზი და არომატული ღვეზელის რეცეპტს. დამერწმუნეთ, ღვეზელი თქვენი ოჯახის საყვარელი კერძი გახდება.
მოამზადეთ საოცრად გემრიელი ღვეზელი და თავი მოიწონეთ თქვენი კულინარიული შედევრით.
ცომის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- წყალი 250 მლ
- შაქარი ნახევარი ჩ. კ.
- მარილი 1 ჩ. კ.
- დარბილებული კარაქი 50 გრ
- ფქვილი 400-450 გრ
მომზადების წესი:
- ოთახის ტემპერატურის წყალში გახსენით მარილი, შაქარი, 50 გრ დარბილებული კარაქი და თანდათან შეაზილეთ ფქვილი. ცომი უნდა იყოს რბილი. მზა ცომს გადააფარეთ საკვების ცელოფანი და დაასვენეთ 10 წუთი.
- ცომი გადმოიტანეთ ფქვილმოყრილ ზედაპირზე და გაყავით 8 თანაბარ ნაწილად, გადააფარეთ ცელოფანი და ცოტა ხანს დაასვენეთ.
- თითოეული ნაწილი გააბრტყელეთ თხელ ოთხკუთხედ ფენად.
შიგთავსის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
- საქონლის ხორცის ფარში 300 გრ
- ხახვი 2 თავი
- პაპრიკა 1 ჩ. კ.
- კარაქი 30 გრ
- შავი პილპილი გემოვნებით
- მარილი გემოვნებით
მომზადების წესი:
ტაფაზე გაადნეთ კარაქი, დაამატეთ ფარში და მოთუშეთ საშუალო ცეცხლზე. შემდეგ დაამატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი. და 5 წუთი გააჩერეთ ცეცხლზე. ბოლოს შეაზავეთ მარილით, შავი პილპილითა და პაპრიკით.
ამზადებთ კარტოფილის პიურეს
საჭირო ინგრედიენტები:
- კარტოფილი 4 ცალი
- კარაქი 20 გრ
- მარილი და პილპილი გემოვნებით
მომზადების წესი:
- ცალკე ქვაბში მოხარშეთ კარტოფილი და მოამზადეთ პიურე. შემდეგ დაამატეთ 20 გრ კარაქი, შეაზავეთ მარილითა და პილპილით.
- გაადნეთ 150 გრ კარაქი. საცხობ ფორმას მოასხით ცოტა კარაქი და დააფინეთ ცომის 4 ფენა. თითოეულ ფენას მოასხით ცოტა-ცოტა კარაქი. ფორმის გვერდებზე გადმოსული ზედმეტი ცომი მოჭერით.
- მეოთხე ფენაზე დაიტანეთ კარტოფილის პიურე და თანაბრად გაანაწილეთ. კარტოფილის ფენაზე გაანაწილეთ ფარში. შემდეგ_ ცომის 4 ფენა, თითოეულ ფენას მოასხით კარაქი.
ზემოდან წასასმელად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- რძე 100 მლ
- ზეთი 3 ს. კ.
- გამდნარი კარაქი 3 ს. კ.
- მარილი და პილპილი გემოვნებით
ინსტრუქცია:
- მოცემული ინგრედიენტები აურიეთ და ღვეზელს ზემოდან მოასხით.
- ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. მოსამზადებლად დასჭირდება 35 წუთი.
ღვეზელი გამოდის სველი და ხრაშუნა ქერქით. შიგთავსი შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი სურვილის მოხედვით. საოცრად არომატულ კომბინაციას მიიღებთ შემწვარი ქამა სოკოსა და მოხარშული ქათმის ხორცით. შეგიძლიათ ღვეზელი მოამზადოთ ყველით, მარილიანი ან ტკბილი ხაჭოთი. ეს უკვე თქვენს ფანტაზიაზე არის დამოკიდებული.
გემრიელად მიირთვით!