ტრიუფელის ნაზი და არომატული ტორტი არც თუ ისე რთული მოსამზადებელია. ის იმდენად გემრიელი და ლამაზია, ნებისმიერ სადღესასწაულო სუფრას დაამშვენებს

შემოგთავაზებთ ტრიუფელის ნაზი, არომატული ტორტის რეცეპტს, რომელიც საოცრად გემრიელია. დესერტი თქვენი სადღესასწაულო სუფრის მშვენება იქნება.

ბისკვიტის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ფქვილი 3 ჩ. ჭ.
  • შაქარი 2 ჩ. ჭ.
  • სოდა 1 ჩ. კ.
  • გამაფხვიერებელი 1 შეფუთვა
  • კაკაო 4-6 ს. კ.
  • კვერცხი 2 ცალი
  • რძე 1 ჩ. ჭ.
  • ზეთი 1/3-1/2 ჩ. ჭ. (რაც უფრო მეტ კაკაოს გამოიყენებთ, მით მეტი  ზეთი დაგჭირდებათ)
  • მდუღარე წყალი 1 ჩ. ჭ.

მომზადების წესი:

  1. აურიეთ ყველა მშრალი ინგრედიენტი.
  2. ათქვიფეთ კვერცხი, დაამატეთ ზეთი და კიდევ ერთხელ ათქვიფეთ.
  3. შემდეგ დაამატეთ რძე და თანდათან შეურიეთ მშრალი ინგრედიენტების ნარევი. უნდა მიიღოთ სქელი ცომი. ბოლოს დაასხით მდუღარე წყალი და კარგად აურიეთ.
  4. საცხობ ფორმაზე (24-26 სმ დიამეტრის) დააფინეთ ქაღალდი, წაუსვით ზეთი და ცომი თანაბრად გაანაწილეთ.
  5. ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 25-30 წუთი.

კრემის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • მოხარშული შესქელებული რძე 1 ქილა
  • კარაქი (ოთახის ტემპერატურის) 200 გრ

მომზადების წესი:

ათქვეფილ კარაქს დაამატეთ მოხარშული შესქელებული რძე. თქვეფთ კიდევ 1 წუთი და კრემიც მზად არის.

ბეზეს მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • 4 კვერცხის ცილა
  • მარილი, ლიმონმჟავა, ვანილი მწიკვი
  • შაქარი 1 ჩ. ჭ.

მომზადების წესი:

ცილას დაამატეთ მარილი და ათქვიფეთ მიქსერის მაღალ სიჩქარეზე. შემდეგ თანდათან დაამატეთ შაქარი, ვანილი და ლიმონმჟავა. მომზადებული მასა გადაიტანეთ ფაილში და საცხობ ფორმაზე, რომელზედაც პერგამენტის ქაღალდი გაქვთ დაფენილი, დაასვით ბეზეები.

ბეზე გამოაცხვეთ 110 გრადუს ტემპერატურაზე გაცხელებულ ღუმელში. მოსამზადებლად დასჭირდება საათ-ნახევარი. ბეზე ღუმელიდან არ გამოიღოთ გაგრილებამდე. დაგჭირდებათ მოხალული ნიგოზი (დაჭრილი) 50-100 გრ

დაიწყეთ ტორტის აწყობა:

  1. პირველ რიგში, ბისკვიტზე წაუსვით კრემის ნახევარზე ცოტა ნაკლები. შემდეგ კრემზე დააწყვეთ გამომცხვარი ბეზეები.
  2. დარჩენილი კრემი გადაიტანეთ ფაილში და თქვენი ფანტაზიის მიხედვით მორთეთ ზედაპირი. შეგიძლიათ ცოტა-ცოტა კრემი დასვათ ბეზეებს შორის, ზემოდან გამოსახოთ ბადე და მოაყარეთ მოხალული ნიგოზი.
  3. ტორტი მოათავსეთ სპეციალურ კონტეინერში და მთელი ღამით ან რამდენიმე საათით შედეთ მაცივარში.
  4. დილით შოკოლადი გაადნეთ ორთქლის აბაზანაზე და ზემოდან მოასხით ტორტს.

გემრიელი, არომატული, ვიზუალურად ლამაზი ტრიუფელის ტორტი საოცრებაა.

გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!