შემოგთავაზებთ რეცეპტს, რომლის მიხედვით ძალიან მარტივად შეძლებთ ალუბლის საკუთარ წვენში შენახვას. ზამთრის სუსხიან დღეებში კი საოცრად არომატული ნამზადით, რომელიც ცოცხლად შენახული ალუბლის შთაბეჭდილებას ტოვებს, ისიამოვნებთ.
- პირველ რიგში, ქილები და ხუფები კარგად გაასტერილეთ დააწყვეთ გასაშრობად.
- ალუბალი გარეცხეთ და ნაზად ამოაცალეთ კურკა, შეეცადეთ, რომ ნაყოფი არ დააზიანოთ.
- დაკურკული ალუბალი ჩაყარეთ თასში და გააჩერეთ 10-15 წუთი, დაელოდეთ წვენის გამოშვებას.
- გასტერილებულ ქილებში შემდეგი თანმიმდევრობით გაანაწილეთ ალუბალი და შაქარი. პირველი ფენა უნდა იყოს ალუბლის, მსუბუქად დააწექით ხის კოვზით, შემდეგ დააყარეთ შაქარი და ასე გაავსეთ ქილა. ალუბლის ფენა უნდა იყოს, დაახლოებით, 2 სმ სისქის, ხოლო შაქრის_ 1 სმ. ბოლო ფენა უნდა იყოს შაქრის.
- ქილები გაავსეთ ალუბლის წვენით, დაახურეთ ხუფები და გაასტერილეთ. თუ ალუბალი ლიტრიან ქილებში მოამზადებთ ასტერილებთ ადუღებიდან 20 წუთი, ხოლო თუ ნახევარლიტრიანებს_ 15 წუთი.
- დახუფული ქილები დააწყვეთ თავდაყირა და შეფუთეთ.
არომატული და წვნიანი ალუბალი შეგიძლიათ კოქტეილის, ტორტის ან ღვეზელის მოსამზადებლად გამოიყენოთ. გააზავებთ წყლით და მიიღებთ განსხვავებული არომატის უგემრიელეს კამპოტს.
მოამზადეთ და ზამთარში გამოიყენეთ საკუთარ წვენში ცოცხლად შენახული საოცრად არომატული კენკრა!