ყვავილოვანი კომბოსტოს მარინადი. ხრაშუნა გემრიელობა, რომელიც ძალიან შეგიყვარდებათ

შემოგთავაზებთ რეცეპტს, რომლის საშუალებით ძალიან მარტივად დაამწნილებთ ყვავილოვან კომბოსტოს. მწნილი გამოდის საოცრად არომატული, გემრიელი, ხრაშუნა.

ჯერ თვალსა და გულს ახარებს ლამაზი, ფერად-ფერადი ქილების დანახვა, შემდეგ გახსნით და ქილიდან ამოფრქვეული  სურნელი მოგგვრით სიამოვნებას და ბოლოს გემო აღგაფრთოვანებთ.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ყვავილოვანი კომბოსტო, დაახლოებით, 2 კილოგრამ-ნახევარი
  • სტაფილი 2 ცალი
  • წითელი ბულგარული წიწაკა 2 ცალი
  • ნიორი 100 გრ
  • ხახვი 1 თავი
  • ცხარე წიწაკა ლიტრიან ქილაზე 1 ცალი
  • დიდი კამა (აყვავებული), პირშუშხას, ალუბლისა და მოცხარის ფოთლები გემოვნებით
  • სურნელოვანი წიწაკა ლიტრიან ქილაზე 3-4 მარცვალი
  • მიხაკი ლიტრიან ქილაზე 2-3 ყვავილი
  • დაფნის ფოთოლი ლიტრიან ქილაზე 1 ცალი
  • ოხრახუში ლიტრიან ქილაზე (დაახლოებით, 3-4 ღერო)
  • ძმრის ესენცია ლიტრიან ქილაზე ნახევარ ჩაის კოვზზე ცოტა მეტი
  • მარინადის მოსამზადებლად ლიტრ წყალზე დაგჭირდებათ 2 ს. კ. მარილი და 1 ჩ. კ. შაქარი

მომზადების წესი:

  1. პირველ რიგში, ყვავილოვანი კომბოსტო დაანაწევრეთ და გარეცხეთ.
  2. ბულგარული წიწაკა გარეცხეთ, თესლისგან გაასუფთავეთ და დაჭრით საშუალო ზომის ნაჭრებად.
  3. სტაფილო გაასუფთავეთ და დაჭერით საშუალო სისქის, ოდნავ მოგრძო ნაჭრებად. ხახვი დაჭერით დიდ ნაჭრებად.
  4. მოსამზადებლად, უმჯობესია, თუ ლიტრიან ქილებს გამოიყენებთ. ქილის ძირზე ლამაზად ჩააწყვეთ კამა, ცოტა ოხრახუში, მოცხარის, დაფნის, ალუბლისა და პირშუშხას თითო-თითო ფოთოლი, 2 კბილი ნიორი და 1 ცალი ცხარე წიწაკა (შეგიძლიათ თქვენი გემოვნებით დაამატოთ), სურნელოვანი წიწაკა და მიხაკი.
  5. შემდეგ მჭიდროდ ჩააწყვეთ კომბოსტო, ცოტა-ცოტა სტაფილო,  ხახვი, ბულგარული წიწაკა. ქილა მჭიდროდ უნდა იყოს გავსებული.
  6. შემდეგ დაასხით მდუღარე წყალი, დაახურეთ ხუფი და  გააჩერეთ 3 წუთი.
  7. ამზადებთ მარინადს. 3 წუთის შემდეგ ქილიდან წყალი გადააქციეთ და დაასხით მდუღარე მარინადი და ნახევარ ჩაის კოვზზე ცოტა მეტი ძმრის ესენცია. ქილებს მჭიდროდ დაახურეთ ხუფები, დააწყვეთ თავდაყირა და გაგრილებამდე შეფუთეთ.

გემრიელად მიირთვით!