უფაფუკესი, ჰაეროვანი და უნაზესი კექსი ისეთი გემრიელი და სურნელოვანი გამოდის, რომ უბრალოდ დნება პირში.
შეგიძლიათ მოსამზადებლად გამოიყენოთ სხვადასხვა დანამატები: თხილი, ქიშმიში, დაშაქრული ხილი, ციტრუსის ცედრა, ახალი ხილი. და, სწორედ, მათ გამო კექსი ყოველთვის განსხვავებული არომატის გამოდის, მაგრამ უცვლელად საოცრად გემრიელია.
კექსის ცომი უმარტივესი მოსამზადებელია.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ფქვილი 1,5 ჩ. ჭ.
- კარაქი 100 გრ
- კვერცხი 2 ცალი
- შაქარი 150 გრ
- კეფირი ნახევარი ჩ. ჭ.
- ვანილი მწიკვი ან ვანილინი ნახევარი ჩ. კ.
- გამაფხვიერებელი 11 გრ
- ატმის ცუკატები 100 გრ
- მარილი მწიკვი
მომზადების წესი:
- დარბილებულ კარაქს დაამატეთ კვერცხი, შაქარი და ათქვეფთ მიქსერით.
- დაამატეთ კეფირი, ატმის ცუკატები და აურიეთ. შეგიძლიათ მოამზადოთ ახალი, სურნელოვანი ატმით.
- გაცრილ ფქვილს დაამატეთ მარილი, გამაფხვიერებელი, ვანილი და ნელ-ნელა შეურიეთ კვერცხიან მასას.
- ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. კექსის საცხობ ფორმას წაუსვით კარაქი და მოაყარეთ ფქვილი. მომზადებული ცომი ფორმაში თანაბრად გაანაწილეთ. გამოსაცხობად დასჭირდება 50 წუთი.
- მზა კექსი 10 წუთის შემდეგ ამოიღეთ ფორმიდან და დაფარეთ შაქრის ფხვნილით.
განსაკუთრებით გემრიელია ლიმონის არომატით შეზავებული. მოამზადეთ, გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!