შემოგთავაზებთ ბანანისა და შოკოლადის მუსის კომბინაციით მომზადებული უგემრიელესი, ნაზი და ჰაეროვანი ტორტის რეცეპტს.
ცომის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- კარაქი 125 გრ
- ფქვილი 250 გრ
- ნუში 50 გრ
- შაქარი 100 გრ
- კვერცხი 1 ცალი
მომზადების წესი:
- ცივი კარაქი გახეხეთ მსხვილ სახეხზე, დაამატეთ გაცრილი ფქვილი და აურიეთ ისე, რომ მიიღოთ ფხვიერი ცხიმიანი ცომი. შემდეგ შეურიეთ დაფქული ნუში, შაქარი, ცალკე ათქვეფილი კვერცხი და მოზილეთ ცომი.
- მზა ცომი 30 წუთით შედეთ მაცივარში. შემდეგ გამოიღეთ მაცივრიდან და თხელ ფენად გააბრტყელეთ ფორმის ძირზე. ცომი ამოიტანეთ ფორმის კიდეებზე და კვლავ 30 წუთით შედეთ მაცივარში.
- ღუმელი გააცხელეთ 200 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 10-15 წუთი.
შოკოლადის მუსის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- შავი შოკოლადი 200 გრ
- ნაღები 150 გრ
- კარაქი 50 გრ
- კონიაკი 2 ს. კ.
- ნაღების ყველი (,,მასკარპონე“ ან ,,ფილადელფია“) 250 გრ
- შაქრის ფხვნილი 100 გრ
- ბანანი 3-4 ცალი
ამზადებთ შოკოლადის მუსს:
- პატარა ქვაბში ჩაასხით 50 მლ ნაღები, დაამატეთ კარაქი და აადუღეთ. ქვაბი გადმოდგით ცეცხლიდან. ცხელ ნარევს დაამატეთ დატეხილი შოკოლადი და ურევთ გადნობამდე. უნდა მიიღოთ შოკოლადის ერთგვაროვანი მასა. გააგრილეთ ოთახის ტემპერატურამდე და ათქვიფეთ მიქსერის მაქსიმალურ სიჩქარეზე.
- ნაღების ყველს დაამატეთ შაქრის ფხვნილი, კონიაკი და ათქვიფეთ მიქსერის მაქსიმალურ სიჩქარეზე. შემდეგ შოკოლადისა და ყველის მასები გააერთიანეთ.
- თუ სქელი მასა გამოგივიდათ, ნელ-ნელა შეურიეთ ცოტა, დარჩენილი ნაღები. მიიღებთ ჰაეროვან მასას.
- მომზადებული მუსის რამდენიმე კოვზი ცომზე თანაბრად გაანაწილეთ. შემდეგ დააწყვეთ მთლიანი ბანანი და დაფარეთ დარჩენილი მუსით. შეგიძლიათ ზედაპირი გააფორმოთ თქვენი სურვილის მიხედვით.
ტორტი მინიმუმ 3 საათით შედეთ მაცივარში. უმჯობესია, თუ მთელი ღამე გააჩერებთ. გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!