შემოგთავაზებთ უგემრიელესი დესერტის რეცეპტს, რომელსაც განუმეორებელს ხდის რძიანი, მწარე და თეთრი შოკოლადის კომბინაცია.
ბისკვიტის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- კვერცხი 2 ცალი
- შაქარი 1 ჩ. ჭ.
- რძე ნახევარი ჩ. ჭ.
- ზეთი ნახევარი ჩ. ჭ.
- ვანილის შაქარი 4 გრ
- კაკაოს ფხვნილი 2 ს. კ.
- გამაფხვიერებელი 2 ჩ. კ.
- ფქვილი 1 ჩ. ჭ.
მომზადების წესი:
- კვერცხი, შაქარი და ვანილის შაქარი ათქვიფეთ მიქსერის მაქსიმალურ სიჩქარეზე. შემდეგ შეურიეთ ზეთი, რძე და კაკაო. ბოლოს ნელ-ნელა შეაზილეთ ფქვილი და გამაფხვიერებელი.
- ცომი გადაიტანეთ საცხობ ფორმაში. დაგჭირდებათ ღრმა საცხობი ფორმა. ღუმელი გააცხელეთ 170 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 45-50 წუთი.
- მზა ბისკვიტი ამოიღეთ ფორმიდან, გააგრილეთ და კიდეები ჩამოაჭერით ისე, რომ ფორმაში ჩადების შემდეგ, ბისკვიტი ფორმის გვერდებს არ ეხებოდეს.
- საცხობ ფორმაში ჩააფინეთ პერგამენტის ქაღალდი ისე, რომ ქაღალდი ფორმაზე 5 სმ-ით მაღალი იყოს. ბისკვიტი ჩადეთ ისევ ფორმაში და რამდენიმე საათით შედეთ მაცივარში.
შავი შოკოლადის მუსის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- შავი შოკოლადი 100 გრ
- კარაქი 30 გრ
- შაქრის ფხვნილი ნახევარი ს. კ.
- ცხიმიანი ნაღები 200 გრ
- ჟელატინი 25 გრ
ამზადებთ შავი შოკოლადის მუსს:
- პირველ რიგში, ჟელატინს დაასხით ნახევარ ჩაის ჭიქამდე ცივი წყალი, მოურიეთ და გააჩერეთ რამდენიმე წუთი. მომზადებული ჟელატინი უნდა გაყოთ სამ ნაწილად.
- შავი შოკოლადი დატეხეთ, დაამატეთ კარაქი და გაადნეთ ორთქლის აბაზანაზე.
- 200 მლ ნაღები ათქვიფეთ სუფრის კოვზ შაქრის ფხვნილთან ერთად.
- დაამატეთ თბილი შოკოლადი და აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
- აფუებული ჟელატინის მესამედი გადაიტანეთ სქელძირიან ქვაბში, დაამატეთ მეოთხედი ჭიქა რძე, მოურიეთ და დადგით დაბალ ცეცხლზე. ურევთ განუწყვეტლივ ჟელატინის გადნობამდე (არ აადუღოთ). თბილი ჟელატინი შეურიეთ ნაღებისა და შოკოლადის ნარევს.
- შავი შოკოლადის მუსი მზად არის.
- ფორმა გამოიღეთ მაცივრიდან და მწარე შოკოლადით მომზადებული მუსი ბისკვიტზე თანაბრად გაანაწილეთ. ფორმა ამოძრავეთ, შეეცადეთ, რომ მუსი ბისკვიტსა და ფორმის გვერდებს შორის არსებულ სიცარიელეშიც განაწილდეს. ფორმა შედეთ საყინულეში.
რძიანი შოკოლადის მუსის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- რძიანი შოკოლადი 100 გრ
- კარაქი 30 გრ
- შაქრის ფხვნილი ნახევარი ს. კ.
- ნაღები (ცხიმიანი) 200 გრ
ამზადებთ რძიანი შოკოლადის მუსს:
- ამზადებთ იმავე წესის მიხედვით, როგორც შავი შოკოლადის მუსი მოამზადეთ. რძიანი შოკოლადი დატეხეთ, დაამატეთ კარაქი და გაადნეთ ორთქლის აბაზანაზე.
- ნაღებს დაამატეთ შაქრის ფხვნილი და ათქვიფეთ მიქსერის მაქსიმალურ სიჩქარეზე. შემდეგ შეურიეთ შოკოლადიანი თბილი მასა.
- ჟელატინის მესამედ ნაწილს დაასხით მეოთხედი ჭიქა რძე, მოურიეთ და ჟელატინის გადნობამდე დადგით დაბალ ცეცხლზე. თბილი ჟელატინი შეურიეთ რძიანი შოკოლადისა და ნაღების ნარევს.
- ფორმა გამოიღეთ მაცივრიდან და შავი შოკოლადის მუსზე გაანაწილეთ რძიანი შოკოლადის მუსი. ფორმა კვლავ შედეთ საყინულეში.
თეთრი შოკოლადის მუსის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- თეთრი შოკოლადი 100 გრ
- კარაქი 30 გრ
- შაქრის ფხვნილი ნახევარი ს. კ.
- ნაღები (ცხიმიანი) 200 გრ
ამზადებთ თეთრი შოკოლადის მუსს:
- თეთრი შოკოლადი დატეხეთ, დაამატეთ კარაქი და გაადნეთ ორთქლის აბაზანაზე (დნობის პროცესის გასამარტივებლად ვამატებ სუფრის კოვზ ზეთს და ვურევ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე).
- ნაღებს დაამატეთ ნახევარი სუფრის კოვზი შაქარი და თქვეფთ მიქსერის მაქსიმალურ სიჩქარეზე. ათქვეფილი ნაღები შეურიეთ თეთრი შოკოლადის თბილ მასას.
- ჟელატინის დარჩენილ ნაწილს დაასხით მეოთხედი ჭიქა რძე, მოურიეთ და დადგით დაბალ ცეცხლზე, ჟელატინის გადნობამდე. თბილი ჟელატინი შეურიეთ თეთრი შოკოლადისა და ნაღების ნარევს.
- ფორმა გამოიღეთ მაცივრიდან და თეთრი მუსი თანაბრად გაანაწილეთ რძიანი შოკოლადის მუსზე. ფორმა კვლავ შედეთ საყინულეში.
მინანქრის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- თეთრი შოკოლადი 100 გრ
- ნაღები ან ცხიმიანი რძე 50 მლ
- კარაქი 50 გრ
ამზადებთ მინანქარს:
- ნაღები კარაქთან ერთად აადუღეთ, დაამატეთ დატეხილი თეთრი შოკოლადი და ურევთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
- მინანქარი დაასხით გაყინულ ტორტს და ზედაპირზე გაანაწილეთ. ფორმა კვლავ 2-3 საათით ან მთელი ღამით შედეთ მაცივარში.
- ცივი ტორტი ამოიღეთ ფორმიდან, მოხსენით ქაღალდი და დაჭერით ცხელი დანით. დანას დაასხით მდუღარე, გაამშრალეთ და დაუყონებლივ დაიწყეთ დაჭრა.
მართალია, მოსამზადებლად რთულია შოკოლადის ბისკვიტის, მუქი, რძიანი და თეთრი შოკოლადის მუსების კომბინაცია, მაგრამ საოცრებაა.
მოამზადეთ და გემრიელად მიირთვით!