ლაქები ხალიჩაზე და ავეჯზე. რამდენიმე მარტივი, ნაცადი და ეფექტური მეთოდი ჩამჯდარი ლაქების მოსაშორებლად

ხალიჩაზე ლაქების მოშორება შეგიძლიათ სახლის პირობებშიც. მოცემული რჩევები, განსაკუთრებით ზამთრის ცივ დღეებში გამოგადგებათ. გარეცხვის გარეშე შეძლებთ თქვენი ხალიჩის გაწმენდას, ლაქების მოშორებას და უსიამოვნო სუნის აღმოფხვრას.

მოცემული საშუალებები შეგიძლიათ გამოიყენოთ რბილი ავეჯის გასაწმენდად.

დაიცავით დასუფთავების ზოგადი წესები:

  • სანამ დასუფთავებას დაიწყებთ, წაიკითხეთ ქსოვილის მოვლის რეკომენდაციები;
  • პირველ რიგში, შერჩეული პროდუქტით გაწმინდეთ შეუმჩნეველი და პატარა მონაკვეთი;
  • შეეცადეთ, დროულად გადახვიდეთ მოქმედებაზე და ლაქები დაუყონებლივ მოაშოროთ.

სველი წმენდა

მეთდი №1

60 მლ ძმარი გახსენით 180 მლ თბილ წყალში. მომზადებულ ხსნარში დაასველეთ ჭურჭლის სარეცხი ღრუბელი და გაწმინდეთ უშუალოდ დალაქავებული ადგილი. შემდეგ ბამბის ქსოვილი გააჯერეთ ხსნარით და კარგად გაწურეთ. ნესტიანი ტილოთი დააფარეთ დაბინძურებული ადგილი და ცოტა ხნით დაადეთ ცხელი უთო (უთო ძალიან არ გააცხელოთ). თუ პირველი ცდის შემდეგ ვერ მიიღებთ სასურველ შედეგს, პროცედურა გაიმეორეთ.

მეთდი №2

300 მლ-მდე თბილ წყალში გახსენით ნახევარ ჩაის კოვზამდე ჭურჭლის სარეცხი საშუალება. ტილო გააჯერეთ მომზადებული ხსნარით და დააფინეთ ლაქაზე. უთო დააყენეთ ორთქლის რეჟიმზე და დაბალ ტემპერატურაზე, დადეთ ტილოზე და გააჩერეთ 15 წუთი.

მეთდი №3

მოამზადეთ ხსნარი 1 წილი ამიაკის სპირტითა და 1 წილი წყლით (მაგალითად, ნახევარი ჭიქა ამიაკის სპირტი/ნახევარი ჭიქა წყალი), გამოიყენეთ უთო და ზემოთ მოცემული მეთოდის მიხედვით, გაწმინდეთ ხალიჩა.

შამპუნი

საწმენდი შამპუნის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ცხელი წყალი 2 ლ
  • წყალბადის ზეჟანგი მეოთხედი ჩ. ჭ.
  • ძმარი 2 ს. კ.
  • ჭურჭლის სარეცხი საშუალება 2 ს. კ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

მოცემული ინგრედიენტები აურიეთ. შემდეგ მომზადებული ხსნარით გააჯერეთ ტილო და დალაქავებული ადგილი რამდენჯერმე კარგად გაწმინდეთ.

კენკრისა და ხილის წვენების მოსაშორებელი საშუალება

მეთდი №1

თუ კენკრისა და ხილის წვენით რბილი ავეჯი დაგილაქავდათ, უმარტივესი და ყველასთვის ხელმისაწვდომი პროდუქტებით  მოამზადეთ გამწმენდი საშუალება.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ძმარი 1 ს. კ.
  • არაყი ან სპირტი 140 მლ

ინსტრუქცია:

მოცემული ინგრედიენტები აურიეთ. აიღეთ სუფთა ტილო და მომზადებული ხსნარით გაწმინდეთ ლაქები.

მეთდი №2

კენკრის ლაქების ამოსაყვანად მოამზადეთ ნახევარი ჩ. ჭ. სახამებლის, იმავე რაოდენობის საკვები სოდისა და ცოტა წყლის ნარევი. უნდა მიიღოთ არაჟნის სისქის მასა.

მომზადებული მასა წაუსვით დაბინძურებულ ადგილებს და დატოვეთ გაშრობამდე. შემდეგ ჯაგრისით კარგად გაწმინდეთ და ნარჩენები აიღეთ მტვერსასრუტით.

მშრალი წმენდა

ხალიჩას მოაყარეთ სოდა ან სიმინდის სახამებელი და გააჩერეთ 3-4 საათი. შემდეგ გამოიყენეთ მტვერსასრუტი. ამ გზით შეძლებთ ხალიჩის გაწმენდას და უსიამოვნო სუნის აღმოფხვრას.

ტყავის ზედაპირის გაწმენდა

სპრეი ბოთლში ჩაასხით ნახევარი ჩ. ჭ. ძმარი, მეოთხედი ჭიქა ზეითუნის ზეთი, დაამატეთ ევკალიპტის ეთერზეთის რამდენიმე წვეთი და კარგად შეანჯღრიეთ. მომზადებული ხსნარით დაამუშავეთ ზედაპირი და გაწმინდეთ რბილი ქსოვილით.

გაითვალისწინეთ, თუ რბილი ავეჯის ზედაპირი ზამშისაა, მაშინ მოცემული ხსნარი გასაწმენდად არ გამოიყენოთ.

არ გადადოთ, დაუყონებლივ გადადით მოქმედებაზე და მოაშორეთ ლაქები ხალიჩას, რბილ ავეჯს, რადგან ძველ,  ჩამჯდარ ლაქებთან გამკლავება გაცილებით რთულია.