აბუსალათინის ზეთი სახის კანისათვის შეუცვლელი პროდუქტია. გასწავლით, როგორ მივიღოთ მისგან მაქსიმალური ეფექტი

აბუსალათინის ზეთი უძველესი დროიდან დიდი პოპულარობით სარგებლობს კოსმეტოლოგიურ ინდუსტრიაში,  აქტიურად გამოიყენება სახის კანის, თმისა და წვერის მოსავლელად.

აბუსალათინის ზეთს აქვს ძალიან ძლიერი მკვებავი და დამარბილებელი ეფექტი. ის ეფექტურად უმკლავდება კანის ისეთ პრობლემებს, როგორიცაა სიმშრალე, ტენიანობის ნაკლებობა, აქერცვლა, გაუხეშება, არათანაბარი ტონი, ელასტიურობის დაკარგვა. აბუსალათინის ზეთი განკუთვნილია მშრალი ტიპის კანისთვის.

აბუსალათინის ზეთი დამარბილებელი და დამამშვიდებელი საშუალებაა მგრძნობიარე კანისთვის. მაგრამ ზოგჯერ იწვევს ალერგიულ რეაქციებს. თუ პირველი გამოყენების შემდეგ მოჰყვა უარყოფითი შედეგი, ზეთი თქვენს კანს არ შეესაბამება.

აბუსალათინის ზეთი აახალგაზრდავებს, კვებავს კანს, ასწორებს ზედაპირულ ნაოჭებსა და თვალების ირგვლივ კანს.

აბუსალათინის ზეთი ხელს უწყობს ჭორფლებისა და ასაკობრივი ლაქების გაღიავებას. შეგიძლიათ გამოიყენოთ მეჭეჭების მოსაშორებლად.

სახეზე არსებული წვრილი ნაოჭების საწინააღმდეგო საშუალების მოსამზადებლად თანაბარი რაოდენობით აიღეთ  აბუსალათინისა და ზეითუნის ზეთები (შეგიძლიათ გამოიყენოთ ქაცვის ზეთი). სახის კანი გაიწმინდეთ. ზეთების ნაზავი გამოყენებამდე შეათბეთ და წაისვით მხოლოდ ნაოჭებზე. თუ გსურთ, მიიღოთ მაქსიმალური ეფექტი, წაისვით დღეში 2-ჯერ. პროცედურები გააგრძელეთ 1 თვე.

აბუსალათინის ზეთის ზეითუნის ზეთთან (შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ნუშის, ავოკადოს, ატმის, გარგრისა და სეზამის ზეთებით) კომბინაცია გამოიყენეთ მოდუნებული და გამომშრალი კანის მოსავლელად.

ჭორფლებისა და პიგმენტური ლაქების გასაღიავებლად დღეში რამდენჯერმე წაისვით აბუსალათინის ზეთი ან აბუსალათინისა და ქაცვის ზეთის ნაზავი.