ჩაის სმა არამხოლოდ სასიამოვნო, არამედ სასარგებლო საქმიანობაცაა. განსაკუთრებით, თუ სასმელი რომელიმე სურნელოვანი მცენარის ფოთლებითაა დაყენებული, იქნება ეს ჟოლო, მარწყვი, შავი მოცხარი თუ რამე სხვა. ორმაგად სასიამოვნოა ასეთი ჩაის მირთმევა აგარაკზე, ნაკვეთზე მუშაობის შემდეგ.
დღეს ჩვენი რედაქცია გიამბობთ, თუ როგორ უნდა მოამზადოთ შავი მოცხრის ჩაი, რომელიც არამხოლოდ მიმზიდველი არომატით, არამედ გაჯერებული სურნელითაც გასიამოვნებთ.
მოცხრის ჩაი
ჩაის ყველა მოყვარულმა არ იცის, რომ მოცხრის ჩაი სხვადასხვანაირი შეიძლება იყოს. საქმე ისაა, რომ სასმლის სურნელი, გემო და სარგებლობა დამოკიდებულია ფოთლების დამუშავების მეთოდზე.
როგორ მოვამზადოთ საუკეთესო ჩაი მოცხრის ფოთლებით? ამისთვის გამოაშრეთ ფოთლები განსაკუთრებული გზით, რათა ე.წ. ფერმენტირებული ჩაი მიიღოთ.
მომზადება
1. ჩაისთვის მოცხრის ფოთლები მშრალ ამინდში, დილით უნდა მოკრიფოთ. მათი გარეცხვა რეკომენდებული არაა, თუმცა, თუ ჭუჭყიანია, გარეცხეთ და გააშრეთ. ყველაზე გემრიელი და სასარგებლო ჩაი გამოდის იმ ფოთლებისგან, რომლებიც ნაყოფიერების პერიოდში შეგროვდა. ფერმენტაცია რომ წარმატებით შესრულდეს, დიდი რაოდენობით ფოთოლია საჭირო – არანაკლებ 0.5 კგ.
2. შეუდექით ფოთლების ჭკნობას. ამისთვის დააფინეთ რამე ზედაპირს ბამბის ან სელის ქსოვილი და თანაბრად გადაანაწილეთ მასზე ფოთლები 3-5-სანტიმეტრიან ფენად. მომზადების პროცესი დახურულ შენობაში უნდა მიმდინარეობდეს, რომელშიც არ იქნება ქარი და მზის პირდაპირი სხივები, თორემ ფოთლები გახმება, არ დაჭკნება.
3. ფოთლების მზაობა შემდეგნაირად შეამოწმეთ: ხელში მოჭმუჭნეთ ფოთლები, შემდეგ გახსენით მუჭა – თუ ფოთოლი დაჭმუჭნულ ფორმას შეინარჩუნებს, ესე იგი მზადაა. თუ გაახმობთ, ფოთოლი დაიფშვნება.
4. ჩაყარეთ ფოთლები პოლიეთილენის პაკეტში და 1 დღით შედგით საყინულეში.
5. საყინულედან გამოღების შემდეგ, ფოთლები მაგიდაზე დაალაგეთ და ცოტა ხნით გაალღვეთ.
6. დაიწყეთ ფერმენტაციის პროცესი. ამისთვის დაიჭირეთ რამდენიმე ფოთოლი ხელის გულით და დაახვიეთ მილაკებად. ამ მანიპულაციაში მთავარი პირობა გახლავთ ის, რომ მოცხრის ფოთლებმა წვენი გაუშვას.
7. მილაკები ჩაალაგეთ ცალკეულ ჭურჭელში, ჩატკეპნეთ თავსახურით და დაახურეთ პირსახოცი. დადგით ფოთლებით სავსე ჭურჭელი თბილ ადგილას 7-8 საათით.
8. ამ დროის გასვლის შემდეგ, მოხსენით თავსახური. თუ მოცხრის მძაფრ სუნს იგრძნობთ, ესე იგი, ფერმენტაცია წარმატებით შესრულდა.
9. ახლა ფოთლები გამოაშრეთ. ამისთვის გამოიყენეთ საშრობი ან ღუმელი. ღუმლის შემთხვევაში, საცხობ ლანგარზე პერგამენტი უნდა დააფინოთ. დაჭერით მილაკები 5 მმ ზოლებად და გამოაშრეთ.
10. ახლა უბრალოდ დააყენეთ ჩაი მოცხრის ფოთლებით. მიიღებთ არაჩვეულებრივ არომატულ სასმელს, რომელზეც სტუმრები აუცილებლად უნდა დაპატიჟოთ.
თუ ფერმენტირებული მოცხრის ჩაისა და ამავე მცენარის ხმელი ფოთლების ჩაის შეადარებთ, განსხვავებას მაშინვე შეამჩნევთ – ფერმენტირებული ჩაი უფრო მუქი ფერისაა, არომატი კი გაცილებით უფრო გაჯერებულია.
თქვენ რისი ჩაი გიყვართ ყველაზე მეტად?