ამერიკელი მეცნიერების მტკიცებით, თანამედროვე ადამიანი დღის განმავლობაში სმარტფონის ეკრანის წინ დაახლოებით 145 წუთს ატარებს, საკუთარ ტელეფონს კი დღე-ღამეში საშუალოდ 3 000-ჯერ ეხება. ამ სტატისტიკის ავტორების ავსტალიელმა კოლეგემა გადაწყვიტეს, ძირფესვიანად შეესწავლათ ამ არც თუ ისე ჯანსაღი ჩვევის გავლენა ჩვენსავე ჯანმრთელობაზე, შედეგებით კი ნამდვილად შოკირებულები დარჩნენ.
კვლევაში მონაწილეობა მიიღო ზუსტად 218 ადამაინმა, რომელთა ასაკი 18 წლიდან 30 წლამდე მერყეობდა. ექიმმა დევიდ შაჰარმა, რომელიც ამ კვლევას ხელმძღვანელობდა, პაციენტების 41%-ის რენტგენულ ფოტოებში თავის ქალის ქვედა ნაწილში ძვლოვანი წამონაზარდების არსებობა შენიშნა. ამ წამონაზარდების საშუალო სიგრძე 10 მილიმეტრიდან 20 მმ-მდე მერყეობდა. ძვლოვანი წამონაზარდის მაქსიმალური სიგრძე მამაკაცებში 35,6 მმ დაფიქსირდა, ხოლო ქალბატონებში – 25,5 მმ.
კვლევის ამ შედეგებმა იმდენად დიდი დაინტერესება გამოიწვია, რომ მკვლევარებმა საკუთარი ცდების მასშტაბების გაფართოება გადაწყვიტეს. ახალ ექსპერიმენტში მონაწილეობა 1 200 ადამიანმა მიიღო, თუმცა ამ შემთხვევაში მათი ასაკი 18-დან 86 წლამდე მერყეობდა. ახალ შედეგებზე დაყრდნობით, ამ უცნაურ მოვლენას ყველაზე ხშირად სწორედ ახალგაზრდებში ვაწყდებით, რაც მოსალოდნელიც კი იყო. ხანგრძლივი დაკვირვებებისა და არაერთი ექსპერიმენტის ჩატარების შემდეგ დევიდ შაჰარი და მისი კოლეგა, მარკ სეიერი მივიდნენ დასკვნამდე, რომ ამ უჩვეულო მოვლენის გამომწვევი მიზეზი სწორედ თანამედროვე მოწყობილობების, განსაკუთრებით კი სმარტფონების ხშირი გამოყენებაა. რეგულარულად მთელი თავის არაბუნებრივად წინ გადახრის შედეგად წარმოიქმნება დამატებითი დატვირთვა და ზეწოლა თავის ქალისა და კუნთების გადაბმის ზონაში, რაც იწვევს გარკვეულ ცვლილებებს ძვლოვან ქსოვილებში და მყესებში. ექიმების მტკიცებით, თავად ეს წამონაზარდი საფრთხეს არ წარმოადგენს, თუმცა მთავარი პრობლემა სწორედ დეფორმირებული ხერხემალია, რომელსაც ორგანიზმში სხვა დარღვევების პროვოცირება შეუძლია.
ექიმ შაჰარის თქმით, ამ წამონაზარდებს სულ უფრო და უფრო ხშირად შევხვდებით მომვალ თაობებში. მიუხედავად არაერთი კვლევისა და ამ ადამაინების პროფესიონალიზმისა, არსებობს მეცნიერების ის ნაწილიც, რომელიც ამ მოსაზრებას არ ემხრობა და ავსტრალიელი მკვლევარების თეორიას უარჰყოფს.
რამდენად დიდ დროს ატარებთ სმარტფონის ან კომპიუტერის ეკრანის წინ? ხართ თუ არა მზად, მაქსიმალურად შეზღუდოთ საკუთარ თავს თანამედროვე მოწყობილობების გამოყენება, თუ ეს სასარგებლოდ აისახება თქვენს ჯანმრთელობაზე? არ დაგავიწყდეთ თქვენი აზრის დაფიქსირება კომენტარების ველის მეშვეობით!