აღმოსავლური ტკბილეული უნაზესი, ფაფუკი, დელიკატური, სურნელოვანი, არომატული, შაქრის ფხვნილით დაფარული რახათ-ლუხუმი-თქვენივე ხელით მომზადებული და კიდევ ერთხელ მოპოვბული გამარჯვება, დასტური იმისა, რომ თქვენ საოცარი მზარეული ხართ.
რახათ-ლუხუმი თურქული წარმოების ზღაპრული ნუგბარია, რომლის მრავალი სახეობა არსებობს, განსხვავებული ფერის, ფორმის, არომატის მიხედვით.
ამჯერად, შემოგთავაზებთ საშინაო პირობებში მომზადებული ხილის რახათ-ლუხუმის რეცეპტს
საჭირო იგრედიენტები:
- სიმინდის სახამებელი 1 ჩ. ჭ.
- შაქარი 1 ჩ. ჭ.
- წვნიანი კენკრა ან ხილი 1 ჩ. ჭ. (მალინა, მარწყვი, ქლიავი, ატამი)
- წყალი 2 ჩ. ჭ.
- გარჩეული თხილი ან ნიგოზი 100 გრ
- ვანილი
- შაქრის ფხვნილი 1 ჩ. ჭ.
მომზადებისა და გამოყენების წესები:
- ხილი დააბლენდერეთ.
- აიღეთ დაბლენდერებული ხილის 1/3, დაამატეთ ვანილი, 1 ჩ. ჭ. წყალი, დადგით დაბალ ცეცხლზე და აადუღეთ (ადუღეთ 5-7 წუთი).
- ხილის დარჩენილ მასას დაამატეთ სახამებელი, 1 ჩ. ჭ. წყალი, კარგად აურიეთ და ნელ-ნელა დაასხით ცხელი მასა. განუწყვეტლივ ურიეთ და ადუღეთ 2-3 წუთი სანამ არ გასქელდება. სიმინდის სახამებელი შეგიძლიათ კარტოფილის სახამებლით შეცვალოთ, მაგრამ რახათ-ლუხუმის ფიგურები ფორმას ვერ შეინარჩუნებს.
- გადმოდგით ცეცხლიდან და დაამატეთ ნიგოზი.
- მართკუთხედის ფორმის ფორმაში ჩააფინეთ სტრეჩი (საკვების პლიონკა), გადაიტანეთ მომზადებული მასა და თანაბრად გაანაწილეთ. ფენის სიმაღლე დაახლოებით 2 სანტიმეტრია. გაციების შემდეგ (დაახლოებით 8 საათი) რახათ-ლუხუმი ფორმიდან ამოიღეთ და კუბიკებად დაჭერით. შემდეგ კი ფიგურები სახამებელსა და შაქრის ფხვნილში ამოავლეთ.
უგემრიელესი რახათ-ლუხუმი მზადაა, რომელიც ერთი კვირის შემდეგ კიდევ უფრო საოცრება გახდება, მაგრამ შეუძლებელია ამ ზღაპრულმა ნუგბარმა ერთი კვირა გაძლოს.
მოამზდეთ სულთნებისათვის შესაფერი უგემრიელესი ტკბილეული და ისიამოვნეთ!