პიკანტური, მჟავე, კლასიკური დაბალანსებული გემო, ყოველგვარი დანამატების გარეშე, შეზავებული სანელებლებითა და სუნელებით-ყველაფერი ერთად თავმოყრილია პამიდვრის კეტჩუპში. მოამზადეთ ეს საოცრება და კიდევ ერთხელ დაადასტურეთ, რომ თქვენ სასწაული დიასახლისი ბრძანდებით.
კეტჩუპს არ სჭირდება დიდხანს ხარშვა. სიამოვნებით გაგიზიარებთ ჩემი კეტჩუპის განსაკუთრებულობის საიდუმლოს. როგორ სქელდება პამიდვრის მასა და ინარჩუნებს ნათელ ფერს?
იხილეთ პამიდვრის კეტჩუპის რეცეპტი. მოამზადეთ და ისიამოვნეთ. გემოვნებაზე არ დაობენ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამ საოცრებას გვერდს ვერ აუვლით.
მთავარია, მომზადების დროს დაიცვათ თანმიმდევრობა.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- პამიდორი 5 კგ
- წითელი ბულგარული 1-1, 5 კგ
- ხახვი 1,5 კგ
- მარილი 2,5 ს. კ.
- შაქარი 700 გრ
- ძმარი 150-200 მლ
- შავი პიმპილი 5-10 ცალი
- მიხაკი 5-7 ცალი
- დარიჩინი დანის წვერით თუ სურვილი გაქვთ, შეგიძლიათ მეტიც დაამატოთ.
- მოცემული ინგრედიენტებით მოამზადებთ 3 ლ კეტჩუპს.
მომზადების წესები:
- პამიდორი გარეცხეთ და კანიანად დაჭერით ოთხ ნაწილად. წითელი ბულგარულიც გაჭრით შუაზე და თესლიანად დაამატეთ პამიდორს.
- აიღეთ ფართო პირიანი ქვაბი და ჩაასხით ცოტა წყალი, რათა პამიდორი არ დაგეწვათ. ქვაბში მოათავსეთ პამიდვრის მასა, დაამატეთ წითელი ბულგარული და ოთხად გაჭრილი ხახვი.
- ქვაბი დადგით დაბალ ცეცხლზე, აუცილებლად დაახურეთ და ადუღეთ 15-20 წუთი. მორევა არ დაგავიწყდეთ. მითითებული დროის გასვლის შემდეგ გამორთეთ და გააჩერეთ.
- ამ დროს მიმდინარეობს მნიშვნელოვანი პროცესი. ტომატისა და წიწაკის კანები გამოყოფს პექტინს. პექტინი მცენარეული წარმოშიბის წებოვანი ნივთირებაა.
- სასურველია, მთელი ღამით დატოვოთ და დილით გააგრძელეთ მომზადება.
- აიღეთ მსხვილი საცერი და მიღებული მასა გახეხეთ, არ ინერვიულოთ, ეს პროცესი მარტივად მიმდინარეობს.
- მიიღებთ სქელ და ერთგვაროვან მასას. შემდეგ გაატარეთ შედარებით პატარა საცერში.
- მიღებული მასა კვლავ აადუღეთ, გადმოდგით და 2-3 საათი გააჩერეთ. შემდეგ ისევ გაატარეთ საცერში და კვლავ დააყოვნეთ 2-3 საათი. პამიდვრის სქელი მასა დაბლა დაიწყებს დალექვას, ხოლო ზემოთ მოიგდებს გამჭირვალე სითხეს.
- აი, სწორედ ამ სითხის ამოსაშრობად ვადუღებთ ხოლმე პამიდორს დიდხანს. სითხე გადმოასხით. ის შეგიძლიათ წვნიანის მოსამზადებლად გამოიყენოთ. ჩვენ კი გვრჩება პამიდვრის სქელი მასა.
- ახლა კი ვიწყებთ შეზავებას. დაამატეთ მარილი, შაქარი, შავი წიწაკის მარცვლები, მიხაკი.მწიკვი დარიჩინი. ირგვლივ სასიამოვნო, მსუბუქი, შეუმჩნეველი, დახვეწილი – მაგრამ შეუცვლელი სურნელი დადგება.
- შეაზავეთ და კვლავ აადუღეთ. ადუღეთ 10-15 წუთი. შეიძლება თავზე მოიდოს ქაფი და აუცილებლად მოხადეთ. ურიეთ წრიულად, რათა სითხე უფრო კარგად აორთქლდეს. გამორთეთ და გააჩერეთ 1-2 საათით.
- შემდეგ კვლავ ადუღეთ 10-15 წუთის განმავლობაში და ადუღბთ იგივე პრინციპით. კეტჩუპს სულ დუღილი უწევს დაახლოებით 40-45 წუთის განმავლობაში.
- ბოლო ეტაპი, სანამ გამორთავდეთ 10 წუთით ადრე დაამატეთ ძმარი.
შეიძლება მოსამზადებლად ცოტა რთული მოგეჩვენოთ, მაგრამ დამერწმუნეთ, რომ კეტჩუპი მართლაც საოცრებაა. სწორედ, ეს მეთოდი, რამდენჯერმე აადუღებთ და გააციებთ, აძლევს საწებელს სისქეს და უნარჩუნებს სოცარ ფერსა და არომატს. ხარშვისა და დასვენების პერიოდში სითხე ორთქლდება, პექტინი თავის ფუნქციას ასრულებს და კეტჩუპი თვითონ, ყოველგვარი დანამატების გარეშე, სქელდება.
მომზადებული კეტჩუპი გადაიტანეთ გასტერილებულ ქილებში.
გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ.