თქვენს წინაშეა თვით სინაზე და ჰაეროვნება, საოცრად გემრიელი და არომატული ნამცხვარი თეთრი შოკოლადის კრემითა და ლიმონის ქურტით. დესერტს თამამად შეგიძლიათ უწოდოთ შედევრი.
ცომის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები: კვერცხი 6 ცალი, შაქარი 6 ს. კ., ზეთი 3 ს. კ., ფქვილი 6 ს. კ., გამაფხვიერებელი ან სოდა 1 ჩ. კ., ვანილი, ლიმონის წვენი 1 ს. კ.
ინგრედიენტები თეთრი შოკოლადის კრემისთვის: თეთრი შოკოლადი 300 გრ, არაჟანი 380-400 გრ. ლიმონის ქურტის მოსამზადებლად დაგჭირდებათ: ლიმონის წვენი 100 მლ., შაქარი 150 გრ., კვერცხი 2 ცალი, კარაქი 80 გრ.
თეთრი შოკოლადის კრემის მომზადების წესი: გააცხელეთ არაჟანი დაბალ ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე. გადმოდგით ცეცხლიდან და დაამატეთ თეთრი შოკოლადი, კარგად აურიეთ და გააგრილეთ ოთახის ტემპერატურაზე. შემდეგ მიქსერით ათქვიფეთ.
ლიმონის ქურტის მომზადების წესი: ლიმონის წვენი შაქართან ერთად ადუღეთ დაბალ ცეცხლზე, განუწყვეტლივ ურიეთ და შაქარი მთლიანად გაადნეთ. ცალკე ჭურჭელში ათქვიფეთ კვერცხი და ნელ-ნელა დაამატეთ ცხელ ლიმონის სიროფს, თან ურიეთ, ადუღეთ 5 წუთი. გადმოდგით ცეცხლიდან, დაამატეთ კარაქი და ურიეთ, სანამ არ გადნება. მიიღებთ ერთგვაროვან მასას, გადააფარეთ ცელოფანი და გააციეთ.
ცომის მოსამზადებლად კვერცხის ცილა და გული გამოყავით ერთმანეთისგან. ათქვიფეთ ცილა, ნელ-ნელა დაამატეთ შაქარი, მარილი. ცალკე ათქვიფეთ კვერცხის გულები, ზეთი, ლიმონის წვენი, ვანილი და თანდათან დაამატეთ ცილიან მასას. ბოლოს შეაზილეთ ფქვილი გამაფხვიერებელთან ერთად.
გამოსაცხობად დაგჭირდებათ 20-30 სმ დიამეტრის ფორმა, ჩააფინეთ პერგამენტის ქაღალდი, წაუსვით ცხიმი. მომზადებული ცომი გადაიტანეთ საცხობ ფორმაში და 25-30 წუთის განმავლობაში გამოაცხვეთ 170 გრადუს ტემპერატურაზე. ბისკვიტი გააციეთ და გაჭერით ჰორიზონტალურად.
ბისკვიტის ერთ ნაწილზე წაუსვით კრემი. კრემზე დაიტანეთ ლიმონის ქურტი და თანაბრად გაანაწილეთ. შემედეგ დაადეთ მეორე ფენა. წაუსვით კრემი, კვლავ ლიმონის ქურტი და მოაყარეთ ნაფხვენები.
მოამზადეთ უგემრიელესი, ჰაეროვანი, საოცრად არომატული დესერტი და ისიამოვნეთ!