შემოგთავაზებთ უმარტივესი პრობიოტიკური სასმელის რეცეპტს, რომელიც გაჯერებულია ვიტამინებით, ცილებითა და ფერმენტებით. სასმელი შეგიძლიათ მოამზადოთ ჭვავის, ქერის, ხორბლის, შვრიისა და წიწიბურას გაღვივებული თესლისგან.
ფერმენტირებული პროდუქტები უამრავი ფერმენტისგან შედგება, რომლებიც აუცილებელია კარგი მონელებისთვის. სასმელი ეფექტურად გამოიყენება ყაბზობის სამკურნალოდ, ნაწლავის ტრაქტის გასაწმენდად.
ის აგრეთვე შეიცავს რძემჟავას, რომელიც ანადგურებს ნაწლავის მავნე ბაქტერიებს. ფერმენტირებული წყალი წმენდს ორგანიზმს ტოქსინებისგან, გაგათავისუფლლებთ მეტეორიზმისგან, გასტრიტისგან და კოლიტისგან, ხელს უწყობს მსხვილი ნაწლავის სასარგებლო ბაქტერიების ზრდას და აძლიერებს იმუნურ სისტემას.
ამჯერად, შემოგთავაზებთ ჭვავის ბაზაზე მომზადებული ფერმენტირებული წყლის რეცეპტს.
დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები: ჭვავის თესლი 55 გრ. (4 ს. კ.), ლიმონი ნახევარი, გაწმენდილი წყალი 1 ლ. (მოცემული ინგრედიენტებით მოამზადებთ 1 ლ ფერმენტირებულ წყალს).
მომზადების წესი: პირველ რიგში, ჭვავი გარეცხეთ, ჩაყარეთ ქილაში, დაასხით 2-ჯერ მეტი წყალი ვიდრე მაარცვალია და 12 საათით დადეთ თბილ ადგილას. დაელოდეთ მარცვლების გაღვივებას.
მითითებული დროის გასვლის შემდეგ ჭვავის მარცვლები გარეცხეთ და მოათავსეთ კვლავ მინის ქილაში. ქილას გადააფარეთ მუქი ქსოვილი და დღეში 1-2-ჯერ მოურიეთ. დაახლოებით, 48 საათში მარცვლების მასა 4-ჯერ მეტი გახდება.
გაღვივებული მარცვალი კვლავ გადაიტენეთ სუფთა ქილაში, დაამატეთ 1 ლ წყალი. ქილას თავზე გადააფარეთ ქსოვილი, შემოაკარით რეზინი და გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე. მიღებული ფერმენტირებული წყალი ქარვისფერია, ზედაპირზე ქაფი აქვს მოდებული და ოდნავ დაჰკრავს საფუვრის სუნი.
მიღებული ფერმენტირებული წყალი გადაწურეთ სუფთა ქილაში, დაამატეთ ლიმონის წვენი, დაახურეთ ხუფი და შედეთ მაცივარში.
დარჩენილი მარცვლებისგან შეგიძლიათ, ისევ მოამზადოთ ფერმენტირებული წყალი. მოათავსეთ გაღვიებული მარცვალი ქილაში, დაასხით 1 ლ გაწმენდილი წყალი და გააჩერეთ 24 საათით. შემდეგ წყალი გადაწურეთ სუფთა ქილაში, დაამატეთ ლიმონის წვენი, მოურიეთ და შედეთ მაცივარში. სასმელი შეგძლიათ 1 კვირის განმავლობაში გამოიყენოთ.
ფერმენტირებული წყალი დალიეთ ან სასმელები მოამზადეთ. გისურვებთ ჯანმრთელობას!