3 იდეა, როგორ მივიტანოთ წითელი ხიზილალა სუფრაზე ისე, რომ ყველა აღვაფრთოვანოთ

წითელი ხიზილალა, მდიდრული დელიკატესი, სადღესასწაულო სუფრის მშვენებაა. სტატიაში შემოგთაცაზებთ ხიზილალას მომზადების სამ საუკეთესო იდეას, რომელთა გათვალისწინებით სადღესასწაულო სუფრას კიდევ უფრო მეტ ლაზათსა და ხიბლს შეჰმატებთ.

პირველი ვარიანტისთვის საჭირო ინგრდიენტები:

  • 10 ცალი (ფხვიერი ცომისგან მომზადებული) ტარტალეტკა
  • წითელი ხიზილალა 30 გრ.
  • მწყრის კვერცხი (მოხარშული) 5 ცალი
  • კიტრის ნახევარი (სიგრძეზე გაჭრილი)
  • კარაქი 30 გრ.
  • ოხრახუში 10 გრ.

მომზადების წესი:

  1. კარაქი გაყინეთ და გახეხეთ. გახეხილი კარაქი თანაბრად გაანაწილეთ ტარტალეტკებზე.
  2. კიტრი დაჭერით ნახევარწრეებად. მწყრის კვერცხი გაჭერით ორ თანაბარ ნაწილად და კიტრის ნაჭერთან ერთად სიგრძეზე ჩადეთ ტარტალეტკის კიდეზე.
  3. კარაქს ზემოდან დაადეთ ნახევარი ჩაის კოვზზე ცოტა მეტი ხიზილალა და გააფორმეთ ოხრახუშის ფოთლებით.

მეორე ვარიანტისთვის დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • პური 5 ნაჭერი
  • წითელი ხიზილალა 30 გრ.
  • ყველი 50 გრ.
  • მოხარშული კვერცხი 1 ცალი
  • მაიონეზი 1 ს. კ.
  • კამა 50 გრ.
  • კარაქი 50 გრ.

მომზადების წესი:

  1. დაგჭირდებათ საშუალო ზომის მრგვალი ამოსაჭრელი მოწყობილობა, შეგიძლიათ ჭიქაც გამოიყენოთ.
  2. პურის ნაჭრებიდან მრგვალად ამოჭერით პატარა კოკრები (10 ცალი). გააცხელეთ ტაფა, დაასხით ძალიან ცოტა ზეთი და სილიკონის ფუნჯით თანაბრად გაანაწილეთ.
  3. ამოჭრილი პურის კოკრები ორივე მხრიდან ოდნავ დაბრაწეთ. შემდეგ კიდეებზე წაუსვით კარაქი, ამოავლეთ წვრილად დაჭრილ კამაში და დააწყვეთ ლანგარზე.
  4. ყველი და მოხარშული კვერცხი გახეხეთ, დაამატეთ ცოტა კამა და აურიეთ. მიღებული მასა თანაბრად გაანაწილეთ მომზადებულ კოკრებზე და ზემოდან დაადეთ ნახევარ ჩაის კოვზამდე ხიზილალა.

მესამე ვარიანტის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ფხვიერი ცომისგან მომზადებული ტარტალეტკები 10 ცალი
  • წითელი ხიზილალა 30 გრ.
  • კრემ-ყველი 50 გრ.
  • კიტრი 1 ცალი
  • ბულგალური პიმპილი 1-2 ცალი

მომზადების წესი:

  1. ტარტალეტკის გულები ამოავსეთ კრემ-ყველით, ზემოდან დაადეთ ნახევარ ჩაის კოვზამდე წითელი ხიზილალა.
  2. კიტრი არ გათალოთ, დაჭერით სიგრძეზე თხელ ნაჭრებად. თითოეული ნაჭერი დაკეცეთ გოფრეს მსგავსად და დაამაგრეთ კბილის ჩხირით.
  3. დაგჭირდებათ ვარსკვლავის ფორმა ან ნებისმიერი თქვენთვის ხელმისაწვდომი, რომლის საშუალებითაც ამოჭრით ბულგარულ პიმპილას.
  4. მიღებულ ვარსკვლავს ზემოდან დაამაგრეთ კბილის ჩხირზე და საახალწლო სუფრის მშვენება, ნაძვის ხე, მზად არის.

გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები, გაალამაზეთ თქვენი სადღესასწაულო სუფრა და აღაფრთოვანეთ საყვარელი ადამიანები.