ასე ვაცხობ შოკოლადის ფუნთუშებს შვილების გასანებივრებლად. კომბინაცია, რომელიც გასინჯვისთანავე შეგიყვარდებათ

შემოგთავაზებთ უიშვიათესი, უგემრიელესი და სასწაული ფუნთუშების რეცეპტს. კარაქით, ზეთითა და რძით გაჯერებული ცომისა და შოკოლადის შიგთავსის შერწყმა ფუმფულა ფუნთუშებს განსაკუთრებულ არომატს სძენს.

ცომის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • 500 გრ ფქვილი
  • 200 მლ რძე
  • 50 გრ კარაქი
  • 50 მლ ზეთი
  • 100 გრ შაქარი
  • 3 კვერცხი
  • 10 გრ საფუარი
  • ვანილი

შიგთავსისთვის დაგჭირდებათ:

  • 250 გრ შოკოლადის პასტა ან კარაქი (თქვენთვის სასურველი. პირადად მე ვირჩევ ნუთელას)
  • 2 ცალი კვერცხის გული
  • 3 ს. კ. რძე.

სიროფის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • ვანილის შაქარი 3 პაკეტი
  • 100 მლ წყალი

მომზადების წესი:

  1. ფქვილი გაცერით, დაასხით 5-6 ს. კ. თბილ რძეში გახსნილი საფუარი და 1 ს. კ. შაქარი. ცალკე თასში ათქვიფეთ კვერცხი შაქართან ერთად, დაამატეთ დარჩენილი თბილი რძე, ვანილი, მარილი აურიეთ და მიღებული მასა დაასხით ფქვილს.
  2. კარაქი გაადნეთ და ზეთთან ერთად დაამატეთ ფქვილს. ცომს ზელთ ხელით. მომზადებული მასა ხელებზე არ უნდა გეკრობოდეთ და რამდენიმე საათი დააყოვნეთ ასაფუებლად.
  3. აფუებილი ცომი გადმოიტანეთ ფქვილმოყრილ მაგიდაზე, გაყავით 8 თანაბარ ნაწილად და გამოხელეთ გუნდები.
  4. გამოსაცხობად დაგჭირდებათ 28 სმ-იანი დიამეტრის მრგვალი ფორმა. ჩააფინეთ ცხიმწასმული პერგამენტის ქაღალდი.
  5. თითოეული გუნდა ჩაღრმავეთ თითებით, ჩადეთ შოკოლადის პასტა და დაამრგვალეთ ისე, რომ შიგთავსი ცომში მოექცეს.
  6. ფუნთუშები ახლო-ახლოს ჩააწყვეთ საცხობ ფორმაში და გააჩერეთ 30 წუთი. შემდეგ ზემოდან გადაუსვით რძისა და კვერცხის გულების ნარევი და 30-35 წუთის განმავლობაში გამოაცხვეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე.
  7. ცხელ-ცხელ ფუნთუშებს ზემოდან გადაუსვით წყლითა და ვანილის შაქრით მომზადებული სიროფი. სიროფი დაარბილებს ფუნთუშების ქერქს და მიანიჭებს სიპრიალეს.
  8. გაგრილებულ დესერტს მოაყარეთ შაქრის ფხვნილი (თქვენი სურვილის მიხედვით). ჩემი აზრით, ძალიან გემრიელი იქნება მოხარშული შესქელებული რძითაც ან დაკურკული ალუბლებით, ან ვაშლის ჯემით. ეს უკვე თქვენს ფანტაზიაზე არის დამოკიდეული.

საოცრად გემრიელი ფუნთუშები თქვენი ოჯახის საყვარელი დესერტი გახდება. მოამზადეთ და დარწმუნდით მის განსაკუთრებულობაში. გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!