შემოგთავაზებთ ხაჭოს უგემრიელესი დესერტის რეცეპტს. ფხვიერ, ნაზ ცომს ავსებს ჰაეროვანი და მსუბუქი შიგთავსის საოცარი არომატი. ეს გემრიელობა შეიძლება მოსამზადებლად რთული იყოს, მაგრამ ღირს ცდად.
დესერტის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- 1 კგ ხაჭო
- 9 კვერცხი
- 225 გრ კარაქი
- 375 გრ შაქრის ფხვნილი
- 2 გრ ვანილი
- 3 ს. კ. სახამებელი
- 100 გრ ქიშმიში
- 250 გრ ფქვილი
- მარილი მწიკვი
მომზადების წესი:
- პირველ რიგში, ამზადებთ ცომს. 125 გრ დარბილებული კარაქი და 125 გრ შაქრის ფხვნილი აურიეთ, დაამატეთ 1 კვერცხი, ვანილი და შეაზილეთ ფქვილი. მზა ცომი 1 საათით შედეთ მაცივარში.
- გაციებულ ცომს ჩამოაჭერით ნახევარზე მეტი ნაწილი. საცხობ ფორმაზე დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი ისე, რომ კიდეებზედაც გადმოვიდეს და ცომი ხელით თანაბრად გაანაწილეთ. მომზადებული ფენა რამდენიმე ადგილზე დაჩხვლიტეთ ჩანგლით და ნახევარი საათით შედეთ მაცივარში.
- მითითებული დროის გასვლის შემდეგ გამოიღეთ მაცივრიდან და 12-15 წუთით შედეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე გაცხელებულ ღუმელში.
- ამზადებთ შიგთავსს. პირველ რიგში, ხაჭო გაატარეთ საცერზე და შემდეგ დააბლენდერეთ. დარჩენილი კარაქი მიქსერით ათქვიფეთ, დაამატეთ 200 გრ შაქრის ფხვნილი, სათითაოდ შეათქვიფეთ 8 კვერცხის გული და თითო-თითო კოვზი ხაჭო.
- მომზადებული მასა დროებით გვერდით გადადეთ და ათქვიფეთ 8 კვერცხის ცილა, დაამატეთ ვანილი და დარჩენილი (50 გრ) შაქრის ფხვნილი. ქიშმიში წინასწარ გარეცხეთ, გააშრეთ, დაყრეთ ნებისმიერი სახეობის სახამებელი, კარგად აურიეთ და შემდეგ დაამატეთ ათქვეფილ ცილას. .
- ხაჭოსა და ცილის მასები ერთმანეთში აურიეთ და უგემრიელესი შიგთავსიც მზად არის. დარჩენილი ცომი გააბრტყელეთ და დაჭერით ზოლებად.
- ღუმელიდან გამოიღეთ ნახევრად მომზადებული ბისკვიტი, დაიტანეთ მასზე შიგთავსი და თანაბრად გაანაწილეთ. შემდეგ ზემოდან, დიაგონალზე, განათავსეთ მომზადებული ზოლები ისე, რომ მიიღოთ ბადე და დესერტი კვლავ შედეთ ღუმელში.
- გამოსაცხობად დასჭირდება 40-50 წუთი. ღუმელი გამორთეთ, კარი ოდნავ გამოაღეთ და დაელოდეთ გაგრილებას. შეგიძლიათ, თქვენი ფანტაზიის მიხედვით, ხაჭოს ნამცხვარს ზემოდან შოკოლადის მინანქარი მოასხათ ან ლიმონის წვენისა და შაქარის ფხვნილის ნარევი (მასა უნდა იყოს ბლანტი) ან კარამელი.
გემრიელად მირთვით და ისიამოვნეთ!