შემოგთავაზებთ კარამელის ბისკვიტის რეცეპტს, რომლის მომზადება შეგიძლიათ სწრაფად და მარტივად.
უგემრიელესი, ფუმფულა, კარგად დანამული ბისკვიტისა და კარამელის კომბინაცია დესერტს განუმეორებელ გემოს ანიჭებს.
ბისკვიტის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- კვერცხი 5 ცალი
- 1 ჩ. ჭ. შაქარი
- მარილი მწიკვი
- ვანილი
- 150 გრ რძე
- 30 გრ კარაქი
- 1 ჩ. კ. სოდა
- 1,5-2 ჩ. ჭ. ფქვილი
დასანამი მასის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
- 1,5-2 ჩ. ჭ. რძე
- 3 ს. კ. შაქარი
კარამელის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- 1 ჩ. ჭ. შაქარი
- 50 გრ კარაქი
- 3 ს. კ. არაჟანი ან ნაღები
მომზადების წესი:
- კვერცხის ცილა და გულები გამოყავით ერთმანეთისგან. კარგად ათქვიფეთ ცილა, დაამატეთ ნელ-ნელა შაქარი და კვლავ გააგრძელეთ თქვეფა. შემდეგ სათითაოდ შეათქვიფეთ გულები.
- თბილ რძეში ჩადეთ დარბილებული კარაქი, დაელოდეთ გადნობას და ვანილთან ერთად დაამატეთ კვერცხიან მასას. შემდეგ შეაზილეთ (თითო კოვზობით) გაცრილი ფქვილი სოდასთან ერთად და სილიკონის ნიჩაბით ფრთხილად აურიეთ.
- მზა მასა გადაიტანეთ ცეცხლგამძლე მინის საცხობ ფორმაში. გამოაცხვეთ 200 გრადუს ტემპერატურაზე 20-25 წუთის განმავლობაში.
- ბისკვიტის გამოცხობამდე ამზადებთ დასანამ მასას: რძე აადუღთ, დაამატეთ შაქარი.
- ცხელი ბისკვიტი დაჩხვლიტეთ კბილის ჩხირით და ნელ-ნელა დაასხით შაქრიანი რძე. ბისკვიტი თანდათან გაიჟღინთება რძით.
- ბისკვიტის გაგრილებამდე ამზადებთ კარამელს: შაქარი დაყარეთ ტაფაზე, განუწყვეტლივ ურიეთ, სანამ მთლიანად არ გადნება. შემდეგ დაამატეთ კარაქი. კარაქი რომ გადნება, დაამატეთ ნაღები ან არაჟანი, კარგად აურიეთ, აადუღეთ და კარამელიც მზად არის. კარამელი ცხელივე გადაასხით ბისკვიტს. შეგიძლიათ ზემოდან მოაყაროთ ნიგოზი ან მიწის თხილი.
უგემრიელესი დესერტი მზად არის. გემრიელად მიირთვით!