გსურთ, რომ ყველა აღაფრთოვანოთ თქვენი ნამზადით? ეს პრობლემას საერთოდ არ წარმოადგენს, რადგან თქვენ შეუდარებელი დიასახლის ბრძანდებით. მაგრამ გავბედავ და შემოგთავაზებთ რამდენიმე რჩევას, რომელთა გათვალისწინებით საუკეთესო ცომს მოამზადებთ.
1. ბისკვიტის ცომი
- თუ კვერცხის ცილა კარგად არ ითქვიფება, ე. ი. გული შეგყვათ. ეს პრობლემა სამწუხაროდ, მოუგვარებელია და ჯობს, ისევ ხელახლა დაიწყოთ მომზადება, მაგრამ ცილისგან გული ფრთხილად გამოყავით. იქნებ თქვენ იცით მეთოდი, რომლის საშუალებითაც შევძლებთ, ამ პრობლემას თავი დავაღწიოთ. კარგი იქნება თუ კომენტარებში ჩვენც გაგვიზიარებთ.
- ცილის ამოსვლას ხელს უშლის შაქრის ძალიან ადრე დამატება. ამ შემთხვევაში უმჯობესია ცილა ორთქლის აბაზანაზე ათქვიფოთ.
- თუ ცომი მძიმეა და ბისკვიტს ამოსვლა გაუჭირდა, ალბათ ინგრედიენტებს თქვეფა დააკელით ან საჭიროზე მეტი ფქვილი მოგივიდათ.
- გირჩევთ, ბისკვიტის ცომი მომზადებისთანავე შედოთ ღუმელში გამოსაცხობად.
- და კიდევ, ღუმელი უნდა იყოს წინასწარ გაცხელებული და აუცილებლად გამოაცხვეთ საშუალო ტემპერატურაზე. დაიმახსოვრეთ, დაბალ ან მაღალ ტემპერატურაზე თქვენი ცხობა წარუმატებლად დასრულდება.
- არ დაგავიწყდეთ საცხობი ფორმის კარაქით დამუშავება.
- თუ ცომს მეტი შაქარი აქვს, შეიძლება ფორმიდან გადმოსვლა გაუჭირდეს.
- თუ ბისკვიტი ღუმელიდან გამოღების შემდეგ ჩავარდა, ეს იმას ნიშნავს, რომ ადრე გამოიღეთ და ბისკვტი ჯერ მზად არ იყო, ამიტომ აუცილებლად გასინჯეთ ჩხირით და შეამოწმეთ არის თუ არა ის გამომცხვარი.
- მზა ბისკვიტი გააციეთ ოთახის ტემპერატურაზე და შემდეგ ამოიღეთ ფორმიდან. ორ ნაწილად გაყავით მჭრელი დანით და თავიდან აიცილეთ მოსალოდნელი საფრთხე.
- დაიმახსოვრეთ, ფორმიდან ბისკვიტის ამოღება არ გაგიჭირდებათ თუ ფორმას დადებთ სველ ნაჭერზე. ფორმა გაცივდება და ბისკვიტს მარტივად ამოიღებთ.
გირჩევთ, გაითვალისწინოთ მოცემული რჩევები, ზედმიწევნით დაიცვათ ყველა წესი და ძალიან მარტივად გამოაცხობთ ჰაეროვან ბისკვიტებს.
2. ცომი კექსისთვის
კექსის გამოცხობის დროს ერთგვაროვანი მასა რომ მიიღოთ, სასურველია კვერცხი და კარაქი ერთი და იმავე ტემპერატურის იყოს. თუ კექსი სქელი და წებოვანი გამოგივიდათ, ე. ი. ბევრი ფქვილი ან ზედმეტი სითხე მოგივიდათ. და კიდევ ასეთ ეფექტს მიიღებთ თუ კვერცხსა და შაქარს კარგად არ ათქვეფთ.
3. ფენოვანი ცომი
- თუ ფქვილისა და კარაქის ნამსხვრევები ერთმანეთს კარგად არ ერევა და მასა წებოვანია, შედეთ რამდენიმე წუთით მაცივარში და პრობლემაც მოგვარდება.
- თუ ფენოვანი ცომი წებოვანია, დაამატეთ ფქვილი და შედეთ მაცივარში, კარაქი გაცივდება და პრობლემაც მოგვარდება.
- ცომი გეშლებათ? ე. ი. მას სითხე აკლია, ამიტომ თითო ჩაის კოვზი წყალი დაასხით მშრალ ადგილებზე.
4. ხაჭოს ცომი
ცომის მოსამზადებლად გირჩევთ, გამოიყენოთ მშრალი ხაჭო და მიიღებთ სასურველ მასას.
5. ფხვიერი ცომი
- თუ ფხვიერი ცომი საკმაოდ რბილია დაამატეთ ფქვილი.
- თუ ცომი იშლება, შეიძლება რამდენიმე მიზეზი არსებობდეს. ფხვიერ ცომს აზიანებს კარაქის არასაკმარისი როდენობა ან ძალიან ცივი კარაქის გამოყენება. არ დაგავიწყდეთ, ცომის მოსამზადებლად გამოიყენეთ ოთახის ტემპერატურის კარაქი.
- თუ ორცხობილა დაგეწვათ, დამწვარი მხარე სახეხის საშუალებით მოაშორეთ და შემდეგ შაქრის ფხვნილი დაფარეთ.
- ფხვიერი მასის დაჭრამდე დანა გააცხელეთ ან ჩაყავით ადუღებულ წყალში.
- თუ ძალიან მაგარი ცომი მოზილეთ, გასაბრტყელებლად გამოიყენეთ ცივი წყლით სავსე მინის ბოთლი.
- უგემრიელეს მინანქარს მოამზადებთ თუ გაადნობთ შოკოლადის ფილას და დაამატებთ რამდენიმე კოვზ წყალს ან რძეს.
მოცემული რჩევები დიასახლისებისთვის, რომელთაც დიდი ხნის გამოცდილება აქვთ, შეიძლება არ იყოს საინტერესო, მაგრამ დამწყები დიასახლისებისთვის ნამდვილად ყურადსაღებია. გაიათვალისწინეთ მოცემული რჩევები, გაიმარტივეთ მომზადების პროცესი და შემდეგ გემრიელად მიირთვით თქვენს უსაყვარლეს ადამიანებთან ერთად.